საქართველოს უახლოეს ისტორიაში ღირსახსოვარ ფურცვლად ჩაიწერა 1991 წლის 31 მარტი, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას: „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“– საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საყურადღებოა, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.
31 მარტი ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დიდი ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. მამის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა შემოქმედებამ სიჭაბუკეშივე აზიარა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის იდეას. ზვიად გამსახურდია, თავის იდეურ და სულიერ ძმასთან-მერაბ კოსტავასთან ერთად, არის მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ბრძოლის სულისჩამდგმელი და მედროშე. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ილიას გზით, ქრისტესმიერი ეკლიანი გზით იარეს და თავი დადეს სამშობლოს თავისუფლებისათვის. ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს აირჩია პრეზიდენტად. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის სიტყვები: „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმიდან გარდაუვალ აღდგომამდე“
No comments:
Post a Comment