Friday, May 12, 2017

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"2017 წლის 12 მაისს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი არჩეულ იქნა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.
არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას!, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipress.ge

No comments:

Post a Comment