ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 17 წლის ხატია თვაურის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით imedinews-თან კომენტარს აკეთებს.
გოგოს დედა თეა სიდამონიძე ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ ხატია გონზე მოვიდა და მშობლებს ესაუბრა. თუმცა, მალევე გონება დაკარგა და გული გაუჩერდა. გოგოს დედა ეჭვობს, პაციენტი ინტენსიური განყოფილებიდან პალატაში დროზე ადრე გადაიყავნეს, რის გამოც მას გული გაუჩერდა.
"როცა შემოიყვანეს სახეზე ფერი არ ჰქონდა, გადაფითრებული იყო. ექთანს ვკითხე თუ რა სჭირდა, მიპასუხა ნარკოზმა ასე იცისო და გავიდა. ხატიამ მეძინებაო თქვა და თვალები დახუჭა, გონება დაკარგა. ხელით რომ შევეხე, ბავშვი ცივი იყო. სასწრაფოდ ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მას შემდეგ კომაშია. ტვინმა შეშუპება დაიწყო და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. რის შემდეგ შეშუპება დაცხრა. სამი დღეა რაც თვალებს ახელს და სხეულზე შეხებისას რეაგირებს. თუმცა, დიაგნოზი დღემდე ვერ დაუსვეს, რატომ არის კომაში, დღემდე არ ვიცი,“ - ამბობს თეა სიდამონიძე.
ოჯახი 17 წლის გოგოს საფრანგეთში გადაყვანას გეგმავს, თუმცა დიაგნოზის არარსებობის გამო, საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელება ვერ ხერხდება.
"ჯანმრთელი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს. ის ექიმები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. ექიმმა მითხრა, მე ჩემი გასაკეთებელი ყველაფერი გავაკეთე და ჯანდაცვის სამინისტროს მასალებიც გადავეციო,“ - ამბობს სიდამონიძე.
რეგულირების სააგენტომ კომაში მყოფი 17 წლის გოგოს შემთხვევის მოკვლევა უკვე დაიწყო. ხატია თვაურს ცხვირის ოპერაცია ხეჩინაშვილის კლინიკაში 7 სექტემბერს გაუკეთდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment