Tuesday, October 10, 2017

პარლამენტში ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა
კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რაც ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა კომიტეტში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო. 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ კანონის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მისივე თქმით, ჯერ უნდა მოხდეს კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება და ამის შემდეგ გადაწყდეს დაიწეროს თუ არა კანონპროექტი.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები, USAID-ის GGI-ის პროექტის და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის ექსპერტები.
მანამდე კი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობა სარგებელს ვერ მოიტანს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment