გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოიკვლიეს დოკუმენტური, ნივთიერი მტკიცებულებები და მკვლელობის იარაღი.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. ამ ფაქტს ტყის მცველი კ.ყ. შეესწრო, რომელიც შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც თ.რ.-მ მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში.
მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თ.რ. 2017 წლის 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 18 წლით შეუფარდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment