Friday, October 6, 2017

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით ყოველთვის ყველა უკმაყოფილოა. რატომ?

2 ოქტომბერს სტოკჰოლმში ნობელის კვირა დაიწყო. პრემიის ყველა ლაურეატის ვინაობა 9 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი. პრემია უკვე გაიცა ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის დარგებში მიღწევებისთვის. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში 6 ოქტომბერს დასახელდება. 5 ოქტომბერს კი პრემია ლიტერატურის დარგში გაიქცა. ჯილდოს მფლობელი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგუროა. აკადემიის არჩევანი, ტრადიციულად, კრიტიკის საგანი გახდა.

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით ყოველთვის ყველა უკმაყოფილოა

წლიდან წლამდე, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი ჰყავს, თანაც იმ ადამიანებს შორისაც, ვისაც ლიტერატურულ წრეებთან არანაირი კავშირი არ აქვს. შვედ აკადემიკოსებს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში ადანაშაულებენ და ლიტერეტურულ გემოვნებას უწუნებენ. თუ ლაურეატი უცნობია - ესე იგი ჟიურიმ არჩევანი უნიჭოზე გააკეთა; თუ ძალიან ცნობილია - ესე იგი მეინსტრიმს ასიამოვნეს; თუ ჩინელია - ნონსენსია, რადგან ფსონი ეგზოტიკურ ლიტერატურაზე დადეს; თუ ამერიკელია - სირცხვილი, რადგან აკადემიკოსებმა ამერიკელებს გაუწიეს ანგარიში; თუ ლაუერატი საკმარისად ცნობილია, ტრადიციული ლიტერატურული ქვეყნიდანაა და კარგი რეპუტაციაც აქვს - მაინც ცუდია, რადგან როდესაც არსებობს ცოცხალი "ვიღაც", რატომ უნდა დააჯილდოვო "სხვა" - გაურკვეველია. თითოეული ადამიანი ნობელის გვირგვინს საკუთარ ფავორიტს არგებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მოლოდინს არ შეესაბამება, კატეგორიულად მიუღებელია.

პოლიტიკა თუ ლიტერატურული ოსტატობა

მრავალსაფეხურიანი ნომინაციის და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ნობელის პრემიაში იმგვარია, რომ პრინციპულად შეუძლებელია ცუდი (უნიჭო და უმნიშვნელო) მწერალი ნომინანტების შერჩევის ეტაპზე არ გაიცხრილოს. ნობელის ჟიური არჩევანს მხოლოდ კარგ, შესანიშნავ და დიდ მწერლებს შორის აკეთებს. და თუ ვინმეს ლაურეატის შესახებ არაფერი სმენია, ეს მისი პრობლემა უფროა ან მისი ქვეყნის წიგნის ბაზრის, ვიდრე “ნობელის”. ამიტომ, ყველაფერში “პოლიტიკის” კვალის ძიებამდე Google-ის მომსახურებით სარგებლობა სჯობს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკა ფაქტორია. ნობელის ჟიური ყურადღებას აქცევს კანდიდატის ნაციონალურ კუთვნილებასაც, მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც და პოპულარობის (ან პირიქით, დევნის) ხარისხსაც სამშობლოში და ამ საკითხში ბალანსის დაცვას ცდილობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, შერჩევის პირველი და მთავარი კრიტერიუმი - ლიტერატურული ოსტატობაა.

კარგი, შესანიშნავი და დიდი მწერლები

ცხადია, დიდ, გამოჩენილ და უბრალოდ, ძალიან კარგ მწერლებს შორის, ერთი საუკეთესოს ამორჩევა ტექნიკურადაც შეუძლებელია. ყველა კმაყოფილი მაინც ვერ იქნება, ამიტომ ცდასაც აზრი არ აქვს. ზოგიერთი შედეგი უფრო ლოგიკურია, სხვა - ნაკლებად, მაგრამ სულელური გადაწყვეტილებები “ნობელს” ძალიან დიდი ხანია არ მიუღია, ამიტომ მის მიმართ უნდობლობის საფუძველი არ არსებობს.

მოკლედ, ის, რომ მსოფლიოს მთავარ ლიტერატურულ პრემიას ხშირად არასაკმარისად ცნობილ მწერლებს ანიჭებენ, და რომ შედეგები დამკვირვებელთა მაქსიმალურად ფართო წრეებს ვერ დააკმაყოფილებს, იოლად გასაგებია. მაგრამ ბევრად უფრო რთული და საინტერესოა პასუხი კითხვაზე: რატომ არის დღეს “ნობელი” ისეთი, როგორიც არის და მაშინ, როდესაც "ვიღაც ცოცხალია, რატომ ანიჭებენ პრემიას ნაკლებად პოპულარულ და გავლენიან "სხვას".

ნობელის ანდერძი

ალფრედ ნობელმა თავისი ცნობილი ანდერძი 1897 წელს დაწერა და დაიბარა, რომ ლიტერატურის სფეროში პრიზი უნდა გადაეცათ ადამიანისთვის, ვინც შექმნიდა "იდეალისტური მიმართულების ყველაზე გამოჩენილ ლიტერატურულ ნაწარმოებს”. ფორმულირება აშკარად არაერთმნიშვნელოვანია. ცხადია, სიტყვამ “იდეალისტური” კითხვები გააჩინა. რას გულისხმობდა პრემიის დამფუძნებელი "იდეალისტურში"? იმას, რასაც სიტყვათა შეთანხმებაში “იდეალისტური ფილოსოფია” გულისხმობენ? თუ ნაგულისხმევია "იდეალი" ანუ “სამაგალითო”? ეს კითხვა დიდი ხნის განმავლობაში სადავო იყო და დღემდე ასეთად რჩება, მაგრამ ახლახან პროფესორმა სტურე ალენმა, რომელიც შვედური აკადემიის ყოფილი მუდმივი მდივანია, კვლევა ჩაატარა და ანდერძის მიკროსკოპიული შესწავლის შემდეგ გაარკვია, რომ სიტყვა “იდეალისტური” - idealisk შესწორების შედეგია: თავდაპირველად დოკუმენტში ეწერა მსგავსი ფუძის idealiserad, რაც ნიშნავს “მაიდეალიზებელს”. თუ ამ ტერმინს იმ ისტორიულ ეპოქას მივუსადაგებთ, როდესაც პრემია გაჩნდა, ალფრედ ნობელის თავდაპირველი ჩანაფიქრი შედარებით გასაგები ხდება.

ესპერანტო და ოლიმპიადა

1887 წელს, ვარშაველმა ექიმმა და მოყვარულმა ლინგვისტმა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა მსოფლიოს ახალი სინთეტიკური ენა - ესპერანტო შესთავაზა. ის რამდენიმე ევროპული (დიდწილად რომანული და გერმანიკული) ენის ელემენტებისგან შედგებოდა და ავტორის ჩანაფიქრით, მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალური ლინგვა-ფრანკა უნდა გამხდარიყო, რომელზეც შემდეგ პლანეტის ახალი, ერთიანი და ჰარმონიული საზოგადოება აშენდებოდა.

ესპერანტოს დაბადებიდან 7 წელიწადში, 1894 წელს, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა სორბონაში საერთაშორისო ასამბლეაზე წარადგინა ოლიმპიური თამაშების აღორძინების პროექტი. ორ წელიწადში ახალი ოლიმპიადა რეალობად იქცა. კუბერტენი დარწმუნებული იყო, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ყველა საერთაშორისო კონფლიქტმა, თავი ფაქტობრივად ამოწურა, სპორტული შეჯიბრებები ხალხებს შორის არაძალადობრივი კონკურენციის საშუალებად, სამხედრო "თამაშების" ერთგვარ მშვიდობიან სუბლიმაციად გადაიქცეოდა.

ათენში ჩატარებული პირველი ილიმპიური თამაშებიდან რამდენიმე თვეში, საზოგადოებას ალფრედ ნობელის ანდერძი გააცნეს, რომელიც ანალოგიური ჯანმრთელი შეჯიბრებითობის ფუნდამენტს ქმნიდა, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური და კულტურული სფეროებისთვის.

ფორმალურად განსხვავებული ეს სამი მოვლენა, სინამდვილეში, ყველაზე ზუსტად ასახავს მე-19 საუკუნის მიწურულის მოაზროვნეთა სულისკვეთებას და განწყობებს: სამყარო ჰგავდა საიმედოდ მოწყობილს და გადანაწილებულს, ევროცენტრისტულს (აქედან მოდიოდა ორიენტაცია სწორედ ევროპულ ენებსა და ფასეულობებზე) და მთლიანობაში, ჩამოყალიბებულს. არსებობდა განცდა, რომ ახლა, როდესაც მსოფლიო აშენებულია და კოსმეტიკური სამუშაოებიც დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ დასუფთავება და გლობალური ოჯახისთვის საერთო რიტუალების შექმნა. ამ სახლში კულტურული ობიექტების განთავსებას, რომლებსაც ოჯახის ყველა ბინადრის ჰარმონიზაციის და დამშვიდებისთვის ხელი უნდა შეეწყო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ისინი ერთგვარი "მაიდეალიზებელი" საშუალება იყო. 

იდეალიზმიდან ანდერს ოსტერლინგამდე

"იდეალისტური" მიდგომები კონფლიქტს გარდაუვალს ხდიდა. “ნობელის” ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ სადავო გადაწყვეტილებად რჩება ლევ ტოლსტოისთვის პრემიის დემონსტრაციულად არმინიჭება. ტოლსტოი იმ ეპოქის ალბათ ყველაზე ცნობილი, მნიშვნელოვანი და გავლენიანი მწერალი იყო. მაგრამ ცხადია, რომ კომიტეტი მეამბოხის რეპუტაციის მქონე ტოლსტოის ფოლოსოფიური პოემების (“სამართლიანობა”, “ბედნიერება) “იდეალისტურ” ავტორს სიული პრიუდომს ამჯობინებდა.

პირველი მსოფლიო ომის გადატანისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, პრემიის თავდაპირველმა ორიენტაციამ ჰუმანისტურ იდეალებზე, ტრადიციულ თხრობით მანერაზე, შემოქმედებით პათოსზე და ევროპულ ფასეულობებზე, სრულად ამოწურა თავი. სწორედ ამ დროს ჩაუდგა სათავეში ლიტერატურულ “ნობელს” (ლიტერატურის დარგში ნობელის კომიტეტს) ანდერს ოსტერლინგი - ფილოლოგი, კრიტიკოსი და ლიტერატურული ნოვაციის მაძიებელი. მისი გამოჩენით, პრემიის მთავარი ვექტორი მხატვრული ექსპერიმენტისკენ გადაიხარა - “იდეალიზაცია” “იდეალიზმთან” ერთად წარსულს ჩაბარდა და ადგილი დაუთმო ახალ ტენდენციებს, სტილებს, ინტონაციებს: ამ წლების ტიპური ლაურეატები იყვნენ სემუელ ბეკეტი, ჰერმან ჰესე, ანდრე ჟიდი, უილიამ ფოლკნერი. პრემიის მინიჭება “ტრადიციული რომანისტის” ჯონ სტაინბეკისთვის” აღქმული იყო, როგორც ერთგვარი უკან დახევა და მანამდე დაკავებული პოზიციების დათმობა - თავად ოსტერლინგი ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ სერიოზულ შეცდომად მიიჩნევდა.

თანამედროვე ლაურეატები

ტენდენცია ოსტერლინგის გარდაცვალებამდე - 1981 წლამდე გაგრძელდა. ამ მომენტიდან, ლიტერატურლმა “ნობელმა”, მთლიანობაში ის ნიშნები შეიძინა, რომელიც დღეს აქვს. მსოფლიოს მთავარი ჯილდო, რომელიც თავიდან ორიენტირებული იყო საყოველთაოდ მიღებული ნორმის დაფიქსირებაზე, შემდეგ კი - მხატვრული ნოვაციის ძიებასა და ლეგიტიმაციაზე, ლიტერატურული მეურნეობის მიღწევების გამოფენად გადაიქცა. ლიტერატურული “ნობელის” მთავარი ცნება ბოლო 40 წლის განმავლობაში - “მრავალფეროვნებაა”: ახლა მისი მიზანია მსოფლიოს ლიტერატურა წარმოაჩინოს მთელ თავის უცნაურ - გენდერულ, ნაციონალურ, კულტურულ, ჟანრობრივ, სტილისტურ, იდეურ და სხვა მრავალფეროვნებაში.

იგივე დაემართა ოლიმპიადასაც. სპორტის ყველაზე გულუბრყვილო მომხმარებლებმაც კი დიდი ხანია რაც გააცნობიერეს, რომ დღეს ნებისმიერი ოლიმპიური თამაშების მთავარი მოვლენა არა უშუალოდ შეჯიბრება, არამედ გახსნის და დახურვის ცერემონიებია - შესანიშნავი (და ძალიან იშვიათი) შესაძლებლობა მსოფლიოს კოტ-დიუვარის და ტონგოს არსებობის შესახებ შეახსენონ, რომ ამ ქვეყნებშიც ისვრიან ბადროს, დარბიან და ფეხბურთს თამაშობენ.

მომავლის ნობელიატები

დღეს ნობელის კომიტეტი ირჩევს არა საუკეთესოს - მთავარ, ობიექტურ და ამიტომ ერთადერთ ლეგიტიმურ ჩემპიონს პოეზიაში, პროზაში ან დრამატურგიაში, არამედ ავლებს ლიტერატურის თანამედროვე საზღვრებს, აფართოებს მას, შეჰყავს რა მასში ყოველწლიურად და თანმიმდევრულად ახალ-ახალი ობიექტები.

სვეტლანა ალექსიევიჩის დაჯილდოება, გარდა აშკარა სურვილისა, რომ მსოფლიოსთვის ბელარუსის, ხოლო ლუკაშენკოსთვის მის სამფლობელოში პრობლემების შესახებ შეეხსენებინათ, პირველ რიგში, გზავნილია, რომ დოკუმენტური პროზაც (non fiction) ლიტერატურაა; დილანის დაჯილდოება სიგნალია, რომ სიმღერის ლექსიც პოეზიაა და არაფრით ჩამოუვარდება ქაღალდზე დაწერილს. ამიტომ ისინი, რომლებიც შეშფოთდებიან ხოლმე და დაცინვით აღნიშნავენ, რომ მალე “ნობელს” კომიქსებს და საბავშვო ფენტეზის გადასცემენ - ნობელის კომიტეტის ლოგიკა ცუდად ესმით. ადრე თუ გვიან, პრემიას მიიღებენ კომიქსებიც და იმედია, ჯოან როულინგიც, რადგან ეს ყველაფერი ლიტერატურის მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაწილია (ან მალე გახდება), ამიტომ ნობელის სივრცეში მათი ადგილიც არის. 

დღეს ნობელის პრემია ლიტერატურაში - არა მწერლების სილამაზის კონკურსი, არამედ ლიტერატურული სივრცის რთული, გააზრებული და საინტერესო გეოგრაფიის განსაზღვრაა. ეს პროცესი იმსახურებს ინტერესს, პატივისცემას და პირველ რიგში, მკითხველის ნდობას. ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ პრემიის კანდიდატებს შორის უმნიშვნელო, შემთხვევითი და უნიჭო მწერლები ფაქტობრივად არ არიან, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება ყველასთვის უფრო გასაგები და ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment