საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის სირიის დელეგაციის სახალხო საბჭოს წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც imedinews-ს საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტში განუცხადეს, ეს ვიზიტი რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებაა.
„რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი საოკუპაციო რეჟიმებისა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას, და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას. ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარებაა. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და აღიარების რისკების პრევენციისთვის მუშაობს. როგორც ამ ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში ვიზიტისას, შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან,"- განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში მყოფ სირიის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა. სირიის დელეგაციას ქვეყნის სახალხო საბჭოს დამკვირვებელი სანაა აბო ზაიდი ხელმძღვანელობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment