საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევების შესახებ ილაპარაკა, რომლის წინაშეც საქართველო უსაფრთხოების კუთხით დგას.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც "თავიდანვე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარეობდა". პრეზიდენტის თქმით, საქართველომ არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს და რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით უნდა იმოქმედოს.
"რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში და გავაღრმავოთ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული რეფორმები. საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს და აძლიერებს თავის შეიარაღებული ძალებს. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე, წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად, გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.
მნიშვენლოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ხან ჰიბრიდული ომის, ხან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული ქვეყანა, ჩვენ ქვეყანას არ მოუკლია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის შეიარაღებას, "არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე".
კონფერენციაზე, რომელიც გუშინ გაიხსნა, სიტყვით პრემიერმინისტრიც გამოვიდა. პრემიერის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ საქართველო დგას, არამედ რეგიონიც და "ეს ხისტი გამოწვევა საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვისაც".
კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოსულია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც.
გუშინ ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) დაიწო, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment