Thursday, April 27, 2017

სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონას სიცოცხლე იხსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ტატო კუჭავა სოციალურ ქსელში 112-ის ოპერატორზე წერს, რომლის სწრაფმა რეაგირებამ, 24 წლის გოგონას სიცოცხლე იხსნა. 

"დღეს ეს გოგონა ცოცხალია... ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი იქნება 112-ის, რომელმაც მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, სიკვდილისგან იხსნა... ვინ მოსთვლის რამდენ ასეთ ისტორიას ინახავს 112 და კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ... 
„112“-ში ახალგაზრდა გოგონა რეკავს...
„112“-ის ოპერატორი: „112“ გისმენთ.
მოქალაქე: გამარჯობა, შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება?
„112“-ის ოპერატორი: გამარჯობა, რა თქმა უნდა, გისმენთ.
მოქალაქე: 100 საძილე აბი რომ დალიოს ადამიანმა, რა მოუვა?
„112“-ის ოპერატორი: დალია ვინმემ?
მოქალაქე: არა, არა, მხოლოდ მაინტერესებს, რას უზამს...
„112“-ის ოპერატორი: გთხოვთ, მითხარით, ვინ დალია და მისი მისამართიც, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოვუშვათ.
მოქალაქე: არა, არა, მადლობა...
და ახალგაზრდა გოგონამ ტელეფონი გათიშა...
იმის მიუხედავად, რომ შსს სსიპ „112“-ში, სამწუხაროდ, დღე-ღამის განმავლობაში არამიზნობრივად ათასობით მოქალაქე რეკავს და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ოპერატორმა აღნიშნული მოქალაქის ზარი საეჭვოდ მიიჩნია და გადამოწმების მიზნით გადაურეკა.
„112“-ის ოპერატორი: ქალბატონო, „112“-დან გიკავშირდებით... მინდა, გადავამოწმო, ნამდვილად არ გჭირდებათ დახმარება?
მოქალაქე: თავი დამანებეთ.... ნუ მირეკავთ...
გოგონამ აგრესიულად უპასუხა ოპერატორს და ისევ გათიშა ტელეფონი.
ოპერატორმა რამდენიმეჯერ კიდევ სცადა გოგონასთან დაკავშირება და მისამართის გაგება, თუმცა ამაოდ... გოგონა დარეკვისთანავე თიშავდა ტელეფონს.
„112“-ის ოპერატორი მიხვდა, რომ შესაძლოა მისი ეჭვი გამართლებულიყო და წამები გადამწყვეტი ყოფილიყო. ბაზაში სასწრაფოდ მოძებნა აღნიშნული ნომრიდან მანამდე განხორციელებული ზარი, ჩაინიშნა მითითებული მისამართი და დაუყოვნებლივ გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ადგილზე მისულ ექიმებს 24 წლის გოგონა უგონოდ მყოფი დახვდათ. მას 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული...
რომ არა „112“-ის ოპერატორის სწრაფი რეაგირება, 24 წლის გოგონა სუიციდით დაასრულებდა ცხოვრებას", - წერს ტატო კუჭავა. 
ipress.ge

No comments:

Post a Comment