Wednesday, April 26, 2017

სან-დიეგოში საქართველოს დღეები აღინიშნება

24-27 აპრილს, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში საქართველოს დღეები გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ცალკეული შეხვედრები და აქტივობები. კერძოდ სან-დიეგოს მერიაში ხელი მოეწერება სან-დიეგოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას. ასევე, დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სან-დიეგოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის მალკოლმ ლავის სახელობის ბიბლიოთეკაში საქართველოს ფლიგელი გაიხსნება. სან-დიეგოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და ამ კუთხით, ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, აგრეთვე, კულტურისა და მემკვიდრეობის თაობაზე. 

სან-დიეგოში მიმდინარე საქართველოს დღეებში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია.
ipn.ge

No comments:

Post a Comment