Tuesday, July 15, 2014

ქართული უნივერსიტეტები ამერიკულ დიპლომებს გასცემენ, რას ითვალისწინებს 30 მილიონიანი პროექტი

ქართული უნივერსიტეტები ამერიკულ დიპლომებს გასცემენ, რას ითვალისწინებს 30 მილიონიანი პროექტი სამი ქართული უნივერსიტეტი, 30 მილიონიანი ტრანში და სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამები. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პროექტ "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

დღესვე ამერიკულმა უნივერსიტეტმა საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმი გააფორმა და სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გამართა.
პრეზენტაციას პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

თუ რას ითვალისწინებს მემორანდუმი, ამ საკითხზე ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესაუბრა.

მინისტრის შეფასებით, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გარდატეხა ხდება და ხელმოწერილი დოკუმენტი წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში ვიწყებთ უშუალოდ პროგრამის განხორციელებას. უკვე ჩატარდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები. კომპაქტი ძალაში შევიდა ივნისის თვეში. დღეს ხელშეკრულება გავაფორმეთ და ვიწყებთ პროფესორ-მასწავლებლების მომზადებას, უნივერსიტეტების გაძლიერებას, ლაბორატორიების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2015 აკადემიური წლიდან ჩვენს სტუდენტებს ახალ მიმართულებებს შევთავაზებთ,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პროექტის ფარგლებში ამერიკისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. სპეციალობების შერჩევა ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა. პროექტის ბიუჯეტი კი 30 მილიონი აშშ დოლარია.

აღნიშნული პროექტისთვის ჯავახიშვილის, ილიასა და ტექნიკური უნივერსიტეტები სამ ეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სან დიეგოს უნივერსიტეტი ელექტრული ინჟინერიის, ქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.

"თვისობრივად ახალი პროექტი საქართველოში თანამედროვე საინჟინრო სკოლას შექმნის. ფაქტობრივად ჩვენ ახალი წონის ინჟინრებს მოვამზადებთ, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო აღიარების დიპლომი და მათ სამსახურებრივი უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ახალი შესაძლებლობებსა და ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა,"-განაცხადა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

პროექტის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები უნდა განხორციელდეს, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრული ინჟინერიისა და ქიმიის პროგრამები.

"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულ სივრცეში თავისი საგანმანათლებლო სტანდარტით შემოდის. ანუ საუბარია იმაზე, რომ 4 პროფესიული მიმართულებით საქართველოში დამკვიდრდება ამერიკული სტანდარტი. ეს ნიშნავს ხარისხს, ეს ნიშნავს მაღალი დონის ლაბორატორიებს და ეს ნიშნავს ჩვენი სტუდენტების დიდ პერსპექტივას"- ასე აფასებს პროექტს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროგრამების განხორციელება უკვე ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე 140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება რომელიც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ეკა არის© წივწივაძე

edu.aris.ge

No comments:

Post a Comment