Tuesday, July 22, 2014

დეტალები ახალი სტანდარტის შესახებ - როგორი იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა?!

დეტალები ახალი სტანდარტის შესახებ - როგორი იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა?! სექტემბრიდან სკოლის პედაგოგები უკვე კატეგორიების მიხედვით დაიყოფიან. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის ახალ პროფესიულ სტანდარტზე მუშაობა დაასრულა. სტანდარტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე დამტკიცდა. პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი და მენტორი, ეს ის ოთხი საფეხურია, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგებმა კარიერული ზრდის პროცესში უნდა გაიარონ. ვინ და როგორ შეაფასებს მასწავლებელთა კომპეტენციას, დაკარგავს თუ არა ფუნქციას სერტიფიცირების გამოცდა და როგორ აისახება საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა პედაგოგების ანაზღაურებაზე. მასწავლებლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საინტერესო კითხვები Aris.ge-განათლებამ "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის" კოორდინატორს კახა ჟღენტს დაუსვა.

-ბატონო კახა სანამ კონკრეტულად ახალ სტანდარტზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ რა ხარვეზები იყო ძველ სტანდარტში? რატომ გახდა საჭირო მისი შეცვლა?

-ცვლილებები რასაც ვანხორციელებთ უკავშირდება საერთო სტრატეგიას- "სწავლა-სწავლების" პროცესის ხარისხის ამაღლებას სკოლაში. რეფორმის დასაწყისში- (სასერთიფიკაციო გამოცდებს ვგულისხმობ) უკვე ვიცოდით, რომ ეს არ იყო სრულყოფილი ვარიანტი. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიც იძახდა, რომ ეს არ იყო საკმარისი მასწავლებლის კვალიფიკაციის სრულფასოვანი შეფასებისათვის, პრაქტიკული ნაწილის გარეშე. სასერტიფიკაციო გამოცდით ხდება მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმება საგნობრივი და პროფესიული უნარების მიმართულებით. თუმცა სერთიფიკატის აღება არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი თავის ცოდნას, საგაკვეთილო პროცესშიც წარმატებით იყენებს. არ ვიცით რა ხდება შიგნით - კლასში. სამწუხაროდ არ არსებობდა შიდა სასკოლო მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებების სისტემა. პედაგოგების საქმიანობის შედეგების შეფასება მიმდინარეობდა საერთაშორისო კვლევებით, ეროვნული და "ქათის" გამოცდებზე მისი მოსწავლეების მიერ დადებული შედეგებით. ხოლო კითხვა: როგორია გაკვეთილის პროცესი, როგორი კომუნიკაცია აქვს პედაგოგს ბავშვებთან და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტი ღიად გვრჩებოდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სტანდარტის მოდიფიცირება. არსებითად შეიცვალა მისი ფორმა და არა შინაარსი, ის მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.

-ამ პრობლემას ახალი სტანდარტი როგორ არეგულირებს? რა სიახლეები შევიდა?

-ახალი სტანდარტით შემოდის პედაგოგის ოთხი კატეგორია. პირველი - "პრაქტიკოსი" პედაგოგი. მეორე - "წარჩინებული" პედაგოგი; მესამე "მკვლევარი" პედაგოგი და მეოთხე "მენტორი". სავსებით ლოგიკურია კითხვა - "დამწყებ პედაგოგსაც იგივე უნდა მოვთხოვოთ რაც 5 წლის სტაჟის მქონეს"? აქამდე სწორედ ასე იყო და პედაგოგებიც ფიქრობდნენ, რომ ყველას თანაბარად მოეთხოვებოდა ყველაფერი რაც სტანდარტში იყო გაწერილი, სტანდარტი გახდა"მიუღწეველი" ოცნება. შეიქმნა მითი, თითქოს სტანდარტი ეს იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა და ცალკე იყო პრაქტიკისგან. მოხდა მასწავლებლების გაუცხოება სტანდარტში მოცემული ორიენტირებისგნ. (სხვათა შორის, ჩემი აზრით იგივე პრობლე არის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაშიც). დღეს, ახალი სტანდრტით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს თეორიული ცოდნა, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პრაქტიკაში. თუმცა აქვე სტანდარტში მკაფიოდ მოჩანს მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა, რა განსხვავებაა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს შორის, როგორ და რა საშუალებებით,მიიღწევა წარმატება კარიერაში.

-კატეგორიების არსი რაში მდგომარეობს?! რითი განსხვავდებიან ამა თუ იმ კატეგორიაში მოხვედრილი პედაგოგები ერთმანეთისგან?

-მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები გამოყოფილია კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია მენტორი მასწავლებელი.

მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიებია:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ბ) წარჩინებული მასწავლებელი;
გ) მკვლევარი მასწავლებელი;
დ) მენტორი მასწავლებელი.


ყოველი საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. ყოველი მომდევნო საკვალიფიკაციო კატეგორიის მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს წინა საკვალიფიკაციო კატეგორიის კომპეტენციებს.

ანუ ჩემი სიტყვებით რომ გადმოვცე ის რაც სტანდრტში წერია, "პრაქტიკოსი" პედაგოგი - ეს არის პედაგოგი, რომელსაც აქვს თეორიული ცოდნა პროფესიულ უნარებსა და საგანში რომლის საფუძველზეც ის კლასში წარმატებულ სასწავლო პროცესს ახორციელებს. შემდეგი ეტაპი ანუ "წარჩინებული" პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. მესამე - "მკვლევარი" პედაგოგი, რომლებიც გაკვეთილს ატარებენ საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღმისეული რეფლექსიის საფუძველზე. ადრე ამ კვლევას საკუთარი საქმიანობის ანალიზს ვუწოდებდით. სინამდვილეში ეს არის პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მაღალი დონის პედაგოგი აკეთებს და ამ კვლევის შედეგის მიხედვით ცვლის კლასში სამოქმედო გეგმას. ყველაზე მაღალი საფეხური კი "მენტორი" პედაგოგია, რომელიც თავისი პრაქტიკული კვლევებით, ანალიზით, გაკვეთილების ჩატარების სტილით და მიღწეული შედგებით ავტორიტეტია და მისი გზა სამაგალითოა დამწყები პედაგოგებისთვის. შესაძლოა, მომავალში დამწყები პედაგოგის საფეხურიც გამოიკვეთოს.

-პირველ ეტაპზე, რომელ კატეგორიებში განაწილდებიან პედაგოგები? რომელ კატეგორიაში მოხვდებიან სერტიფიცირებული მასწავლებლები?

-დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი არის "პრაქტიკოსი" პედაგოგების. მასწავლებლების, რომლებმაც ცოდნა პრაქტიკით შეიძინეს. რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგებს მათ პირდაპირ "წარჩინებული" პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ.
ამ ეტაპზე მხოლოდ, საგანში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე გამოცდილი პედაგოგებს მიენიჭებათ მკვლევარი მასწავლებლის სტატუსი.
აქ სწორედ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ეხება პროცესს რომელიც იქნება ერთჯერადი, როგორ მოხდება ახალ სისტემაზე გადასვლა. კატეგოირაში მასწავლებლის შესასვლელად, ვინაიდან დღემდე არ გვაქვს მათი პროფესიული საქმიანობის შეფასების მონაცემები, განათლების სისტემა დაეყრდნობა ორ ობიქტურ მახასიათებელს:

1. აკადემიური განათლება - ხარისხი
2. სერტიფიცირებულია თუ არა

მომავალში ყველა მასწავლებელს, მიუხედვად იმისა, ბაკალვრია თუ დოქტორი, ნებისმიერი საფეხურის მიღწევა შეუძლია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების საფუძველზე. მთავარი კრიტერიუმი მასწავლებლის შეფასებისას, ახალი სქემის ამოქმედებისთანავე გახდება მისი პრქტიკული საქმიანობა კლასში და ბავშვების წარმატება.

-ბატონო კახა, სასერტიფიკაციო გამოცდები მომავალში საერთოდ გაუქმდება?

-სერტიფიცირება- გამოცდა, როგორც მასწავლებლის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა გაქრება, მაგრამ გამოცდა, როგორც საჭირო კრედიტების დაგროვების ალტერნატიული ფორმა ( რათა პედაგოგი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან გადავიდეს წარჩინებული პედაგოგის საფეხურზე) დარჩება. თუმცა უფრო მაღალი სტატუსის მისაღებად გამოცდას ვერ გამოვიყენებთ, რამეთუ დასადასტურებელ კომპეტენციებს ის ვერ გაზომავს. მესამე და მეოთხე საფეხურზე პედაგოგმა ისეთი უნარ-ჩვევები უნდა გამოავლინოს, რომელიც უბრალოდ გამოცდით არ მოწმდება.

-მაშინ როგორ მოხდება პედაგოგის კატეგორიის განსაზღვრა და როგორ გადავლენ ისინი მომდევნო საფეხურზე?

-შეფასების სისტემა განხილვის პროცესშია. ახალი სტანდარტის საფუძველზე შეიქმნება შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც იქნება ერთიანი როგორც თბილისის ასევე, ვთქვათ, წალენჯიხის სკოლის პედაგოგისთვისაც, ანუ ერთი იქნება ყველა მასწავლებლისათვის. ამ სახელმძღვანელში გაწერილი იქნება პროცედურები და კრიტერიუმები, შეფასების რუბრიკები, როგორ და რამდენი კრედიტით უნდა შეფასდეს პედაგოგის სხვადასხვა აქტივობა.სავარაუდოდ, პირველი -პედაგოგი მოახდენს ამ სახელმძღვანელოს მიხედვით თვითშეფასებას. მეორე მასწავლებელს შეაფასებს სკოლა და მესამე იქნება გარე დაკვირვება და შეფასება. თუ სამივე შეფასება ერთმანეთს დაემთხვა (დადებითი კუთხით) მაშინ დავრწმუნდებით, რომ შეფასება ობიქტურია. თუ არ დაემთხვა, გარე დაკვირვება მოხდება კიდევ რამდენჯერმე. ასევე იქმნება საინფორმაციო დახურული სისტემა, სადაც ყველა პედაგოგის ელექტრონული პორტფოლიო მოიყრის თავს. იქ შეგროვილი ინფორმაციის შეჯერების შედეგად გადაწყდება, დააგროვა თუ არა სათანადო კრედიტების რაოდენობა და გადავა თუ არა მასწავლებელი შემდეგ ეტაპზე. გამოიკვეთება რა პრობლემები აქვს და რაზე უნდა იმუშაოს.
ეს არის ერთ-ერთი სავარუდო აღწერა როგორი შესაძლებელია იყოს შეფასების პროცესი. ამჟამად სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა.

-როგორ და რის მიხედვით მოხდება კრედიტების დაგროვება?

აი, აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს

სასწავლო პროცესი

• საგაკვეთილო პროცესი
• პროექტი
• სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
• კვლევა
• კლასგარეშე აქტივობა
• სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება
• პროფესიული ორიენტაცია
• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა
• სასწავლო რესურსის შექმნა
• მოსწავლეთა მიღწევები

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

• ტრენინგი
• სტაჟირება
• აკადემიური კურსები
• კოლეგებთან თანამშრომლობა
• კონფერენცია
• ექსპერტ-კონსულტანტობა
• პედაგოგიური პრაქტიკის მეურვეობა
• პროფესიული ლიტერატურის შექმნა
• საგნობრივი ტესტის ჩაბარება
• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა


- ყველაფერს შესაბამისი კრედიტი მიენიჭება. "პრაქტიკოსმა" პედაგოგმა წინ წასასვლელად სამ წელიწადში 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, "წარჩინებულმა"- 32, "მკვლევარმა " – 40

- რამდენი წელი სჭირდება "პრაქტიკოს" პედაგოგს, რომ "მენტორი" გახდეს და შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე კატეგორიიდან ჩამოქვეითდეს?

პრაქტიკოს მასწავლებელს ეძლვა სამი წელი იმისთვის რომ დააგროვოს 24 კრედიტი და გახედეს წარჩინებული მასწავლებელი. კატეგორიის შესანარჩუნებლად უნდა დააგროვოს მინიმუმ 14 კრედიტი. წარჩინებულ მასწავლებელს ეძლევა 4 წელიწადი რომ დააგროვოს 32 კრედიტი რომ გახდეს მკვლევარი მასწავლებელი ან დააგროვოს 24 კრედიტი კატეგორიის შესანარჩუნებლად. მკვლევარ მასწავლებელს ეძლევა 5 წელიწადი, რომ დააგროვოს 40 კრედიტი ან დააგროვოს 32 კრედიტი კატეგორიის შესანარჩუნებლად.

ასევე, იარსებებს დაჩქარებული გავლის შესაძლებლობა, ყველა კატეგორიის მასწავლებელს შეუძლია 2 წელიწადში თავად დააყენოს საკითხი შეფასების შესახებ, თუ თვლის, რომ ის უკვე მზად არის. შესაბამისად, შესაძლებელია მასწავლებელმა, რომელიც სერიოზულად მუშაობს საკუთარ თავზე, კარიერული ზრდის სრული გზა 6 წელიწადში გაიაროს.ვინაიდან შემოდის კატეგორიის შენარჩუნების მცნება, ე.ი. მინიმალური კრედიტების ვერ დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს კატეგორიას.

კატეგორიის შენარჩუნებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ შემდეგზე, რა არის ამ სისტემის მიზანი? სწავლა/სწავლების ხარისხის განვითარება, რისი საფუძველიც არის მასწავლებლის მუდმივი პროფესიული განვითარება.
დააკვირდით შესაფასებელ აქტივობებს, მათი უმეტესობა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის სავალდებულო აქტივობებია. ვინ არის საკვანძო შემფასებელი? სკოლა!

თუ სკოლის, კოლეგების და დირექციის შეფასება აფიქსირებს, რომ მასწავლებელი მინიმალურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს ხარისხიანად, და თუ ამას გარე შეფასებაც ადასტურებს, რა თქმა უნდა მასწავლებელი კარგავს კატეგორიას.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ თუ რას ნიშნავს - "მასწავლებელს ეძლევა 3 წელი, 4 ან 5 წელი". ეს ნიშნავს რომ მასწავლებელი ჩართულია პროფესიული განვითარების უწყვეტ პროცესში. თუ, ვთქვათ, სამწლიანი პერიოდის სასწყის ეტაპზე, დაკვირვება გაკვეთილზე გამოავლენს პრობლემებს მასწავლებლის საქმიანობაში, მას ეძლევა განმავითარებელი შეფასება და გაეწევა დახმარება სრულყოს საკუთარი საქმიანობა. თუ მასწავლებელი იმუშავებს თავის თავზე ის უპრობლემოდ დააგროვებს მინიმალურ კრედიტებს, მაგრამ თუ დახმარების მიუხედავად ჩვენი კოლეგა ვერ ახერხებს პროფესიული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას ის ვერ შეინარჩუნებს კატეგორიას. ვფიქრობ ეს სამართლიანია, პირველ რიგში მოსწავლეების მომავალზე ზრუნვიდან გამომდინარე.

-რაც შეეხება ხელფასებს -როგორ მოხდება ანაზღაურების გადანაწილება?

-ჯერ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. წინ სასერტიფიკატო გამოცდებია. ამის შემდეგ გაირკვევა რამდენი პედაგოგია სერტიფიცირებული და მოხდება მასწავლებლების ორ დიდ ჯგუფად დაყოფა. არასერტიფიცირებული "პრაქტიკოსები" და მეორე ჯგუფი სერტიფიცირებული "წარმატებული" პედაგოგები. ვვარაუდობ, რომ ამის შემდეგ დადგინდება სხვაობის ბიჯი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასს შორის სხვაობა აუცილებელია მნიშვნელოვანი იყოს, რათა მეტი იყოს მოტივაცია .

-დიფერენცია სახელწოდების და ხელფასის გარდა იქნება თუ არა საგაკვეთილო საათების მიხედვითაც?

-ამ საკითხზე დიდი კამათი მიდის. ჯერ არ არის ასეთი დიფერენცია თუმცა, მე სუბიექტურად ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იყოს.

-რაც შეეხება სადამრიგებლო კლასებს - ყველა კატეგორიის პედაგოგს ექნება უფლება იყოს დამრიგებელი?

-დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი დიფერენციაცია, ვფიქრობ, ვერ მოხდება. ჯერ მაგ დონეზე არ ვართ. თუმცა მომავალში შეიძლება ეს საკითხიც ჩაიდოს სტანდარტში. ამ ეტაპზე უბრალოდ არ გვყავს იმდენი "წარჩინებული" პედაგოგი, რომ სადამრიგებლოები მხოლოდ მათზე გადანაწილდეს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, მომავალში, როცა სხვადასხვა კავლიფიკაციის მასწავლებლები ოფიციალურად გვეყოლება, დამრიგებლობა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელს ვანდოთ.

-რაც შეეხება სკოლის დირექტორებს, სასწავლო ნაწილის გამგეებს ისინი აუცილებლად "მენტორები" უნდა იყვნენ? თუ "პრაქტიკოს" მასწავლებელსაც შეეძლება დირექტორი გახდეს?

-ეს მომავლის საკითხია. შესაძლოა ასეც მოხდეს. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ კარიერული ზრდა ამ საკითხსაც მოიცავს და სისტემაში თანამდებობებზე მაღალი კატეგორიის პედაგოგები დაინიშნებიან მომავალში.

-რა ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავთ – რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას?

-საფრთხეები დანერგვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას. არ ვიცით, რამდენად მზად იქნება სკოლა სტანდარტის მისაღებად. მნიშვნელოვანია ცვლილებების კარგი გააზრება, სწორად ინფორმირება, კარგი იქნება რომ პროცესი ფართომაშტაბიანი პილოტირებით დაიწყოს. ჩვენ უკვე ვცადეთ აგვემაღლებინა სწავლების ხარისხი სკოლაში პრაქტიკული საქმიანობის შეფასების გარეშე, მხოლოდ სერტიფიცირებით და წრეში ჩავიკეტეთ. ეს არის საქმე რომელიც პრაქტიკაში ისწავლება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს თავზე დავეცეთ შეცდომების აღმოსაჩენად. ჩვენი მიზანია სწავლის ხარისხის გავაჯანსაღოთ და არა პედაგოგები დავსაჯოთ. მასწავლებლებმაც უნდა გაიგონ, რომ ისინი პროცესების თანამონაწილეები არიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეფასებაში სკოლის მონაწილეობა და თვითშეფასების ელემენტის გაძლიერება. შეფასება გრძელვადიანი პროცესი ხდება, რომელიც მოიცავს საჭიროებების დადგენას და პროფესიული დახმარების გაწევას. მთავარი კითხვა არის, როგორ შეძლებს სკოლა ეფექტურად აამუშაოს საკუთარი ხარისხის მართვის მექანიზმები? მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. შეუძლებელია, 60 000 მასწავლებლის ცენტრალიზებული შეფასება და მართვა. ეს ხარისხს ვერ მოგვცემს!

-თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, პედაგოგები სიახლეს სიხარულით ნამდვილად არ ხვდებიან...

-მესმის მათი წუხილი, მაგრამ არ მესმის არგუმენტები. ამბობენ, რომ სულ გამოცდების რეჟიმში არიან, მაგრამ განა განათლების პროცესი შეფასების გარეშე წარმოგიდგენიათ? მაშინ მოდით ბავშვებსაც ნუ გამოვკითხავთ ყოველდღიურად. სახელმწიფო დგამს ნაბიჯს პედაგოგისკენ. პირდებათ, რომ თუ მაჩვენებ კარგ პრაქტიკას, წახვალ წინ და ამის პირობას დებს კანონის დონეზე. აკანონებს ვალდებულებას. ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლები კითხულობენ როდის მოგვემატება ხელფასები? ახალი სისტემა კი გეუბნება განვითარდი პროფესიაში, მაჩვენე შედეგები და ხელფასიც მოგემატება.
-ჩვენ ინტერესით ვისმენთ არგუმენტებს, საინტერესოა მას შემდეგ რაც დამტკიცდა ახალი პროფესიული სტანდარტი, რა კრიტიკული შენიშვნები აქვთ მასწავლებლებს. სტანდარტის მუხლის, სტანდარტის კონკრეტული ამონარიდის მითითებით. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა, ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ სქემის საბოლოო ვარინტში.

- სოციალურ ქსელებში, ჩემი აზრით, სამი ძირითადი კრიტიკული პოზიცია დომინირებს:

- 1. როგორი იქნება ხელფასი? შეიძლება ასეთი დაბალი ხელფასის პირობებში ასეთი მაღალი მოთხოვნების დაყენება?

- 2. ვინ შეგვაფასებს? გვყავს გამოცდილი და ავტორიტეტული შემფასებლები?

- 3. სცალია მასწავლებელს მადენი ქაღალდომანიისათვის? გაკვეთილების ჩატარებას თავი დავანებოთ და კრედიტები ვაგროვოთ?

- პირველი, ვეთანხმები, რომ სათანადო მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია. ამავე დროს არ მგონია უხარისხო გაკვეთილს ამართლებდეს მცირე ხელფასი.

- მეორე - შემფასებელი უნდა იყოს კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებელი. თუ ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ რეგიონში არ გვეგულება 20 ასეთი მასწავლებელი, მაშინ აქვს კი აზრი საერთოდ სკოლების ფუნქციონირებას? ასე რომ რა თქმა უნდა კვალიფციური კადრები გვყავს! მთავარია მათი ობიექტური და სამართლიანი შერჩევა და სისტემა იმუშავებს.

- მესამე - დააკვირდით შესაფასებელ აქტივობებს, მასწავლებელს კრედიტების დასაგროვებლად ხარისხიანი პროფესიული საქმიანობის ჩვენება დასჭირდება და არა დამატებით მუშაობა გაკვეთილების შემდეგ. სისტემა დააკვირდება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობს და არ მოიგონებს დამატებით საქმეების "ცხოვრების გასამწარებლად". დოკუმენტაცია კი უნდა იყოს მინიმაულრად აუცილებლი რაც არის. თუმცა, დოკუმენტაციის გარეშე როგორ შეიძლება შეფასება ამას ოპონენტებისგან სიამოვნებით მოვისმენდი.

ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment