Saturday, December 6, 2014

2016-2017 წლებში მისაღები გამოცდები შემცირდება ან გამოსაშვებ გამოცდებთან გაერთიანდება

2016-2017 წლებში მისაღები გამოცდები შემცირდება ან გამოსაშვებ გამოცდებთან გაერთიანდება2016 2017 წლებში სკოლის დამამთავრებელი და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები შესაძლოა, გაერთიანდეს, ან მისაღები გამოცდების რაოდენობა შემცირდეს.

ამის შესახებ მინისტრმა თამარ სანიკიძემ - "განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების" შესახებ მიმადინარე კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების სისტემის გრძელვადიან ხედვაში გამოცდების ოპტიმიზაციის საკითხი უკვე გაწერილია.

თავდაპირველად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ, დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ პრეზენტაციაზე სკოლისა და მისაღები გამოცდების გაერთიანების შესაძლებლობა არ დააკონკრეტა.

"გამოცდები უნდა მოერგოს სისტემას და არა სისტემა გამოცდებს. არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ეს იქნება ცენტრალიზებული გამოცდა სკოლის დასრულებისას ჩატარებული გამოცდა "მატურა", თუ მისაღები გამოცდები. ეს პირადად მეც არ ვიცი", - განაცხადა ივა მინდაძემ.

მოგვიანებით, პანელის შეფასებისას, რომელიც ზოგადი განათლების ძირითად მიმართულებებს ეხებოდა, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხდება სკოლის დამამთავრებელი და მისაღები გამოცდების ოპტიმიზაცია.

განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიციებს შორის სხვადასხვაობას დარბაზიდან კითხვები მოჰყვა. რის საპასუხოდაც ივა მინდაძემ განმარტა, რომ "ნაეკი" ფეხს აუწყობს ეტაპობივ ცვლილებებს.


"როგორც განვითარდება სისტემა, ისე განვითარდება საგამოცდო პროცესი. ის, თუ როგორ განვითარდება, უმაღლესი განათლების დაფინანსება, ეს დროის საკითხია. შემდგომი ნაბიჯია გამოცდების ფორმა. ამ წუთში სისტემა ვითარდება იქით, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია - გამოცდების რაოდენობის შემცირება, გადაწყობა. თუ სისტემა ამ მიმართულებით განვითარდება, ჩვენ მას ფეხს ავუწყობთ. თუმცა დღეს, ამ დარბაზში, აქ არ არის არავინ, ვინც იცის, რა იქნება 5 წლის შემდეგ",-აღნიშნა მინდაძემ.

საკითხის კიდევ უფრო დაზუსტების მიზნით, კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა და განმარტა, რომ "თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ოპტიმიზაციის პროცესი 2016-2017 წლებში მოხდება - გამოცდების რაოდენობა შემცირდება,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ეკა არის© წივწივაძე

No comments:

Post a Comment