Tuesday, May 9, 2017

სოხუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 18 მაისს ჩატარდება

18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება, რომელშიც 6 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. შვიდი წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს 4 წლის ვადით აირჩევს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არიან: მათემატიკური მოდელირება დოქტორი, სსუ-ის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა; ქართული ფილოლოგია/ქართული ლიტერატურის დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიამ მირესაშვილი; სლავური ფილოლოგიის დოქტორი, სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია-ჭოჭუა; საჯარო სამართლის დოქტორი, სსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ავთანდილ ხაზალია; ივ. ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დასავ. ევროპული ფილოლოგიის დოქტორი ბელა ხაბეიშვილი და პროფესორი, სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი დავით ჯალაღონია.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმების მოსმენა მოხდება იმ რიგითობით, რომლითაც რექტორობის კანდიდატებმა რეგისტრაცია გაიარეს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საარჩევნო კომისიაში: თემურ ჩილაჩავა, მარიამ მირესაშვილი, ინდირა ძაგანია-ჭოჭუა, ავთანდილ ხაზალია, ბელა ხაბეიშვილი, დავით ჯალაღონია.

აკადემიური საბჭოს სხდომაზე, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების სამოქმედო გეგმების მოსმენა მოხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 16 მაისს – თემურ ჩილაჩავა, მარიამ მირესაშვილი, ინდირა ძაგანია-ჭოჭუა 11:00 საათზე, 17 მაისს კი – ავთანდილ ხაზალია,  ბელა ხაბეიშვილი, დავით ჯალაღონია 11:00 საათზე.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმების მოსმენის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უნივერსიტეტის  საკონფერენციო დარბაზში მსურველთათვის პირდაპირი აუდიო-ვიდეო რეპორტაჟი იქნება უზრუნველყოფილი, პარალელურად სხდომის ვიდეო ჩაწერა განხორციელდება.

საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმა (იხ. ბმული).

რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საარჩევნო კომისია მუშაობას  შეუდგება 18 მაისს 09:00 საათიდან, 11:00 საათიდან კი დაიწყება აკადემიური საბჭოს ოთახში აკადემიური საბჭოს წევრების მიერ ხმის მიცემის (კენჭისყრის) პროცედურა, რომლის ფარულობას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია.

იმ შემთხვევაში თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური იმავე დღეს, არაუგვიანეს 17:00 საათისა, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტედენტი. პირველ ტურში ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა იმავე დღეს, არაუგვიანეს 14:00 საათისა. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს ჯონი აფაქიძეს რექტორობის ვადა 2017 წლის 25 მაისს ეწურება.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment