ძლიერი წვიმისა და ქვების ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამურას მონაკვეთზე გზა გადაიკეტა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ამიტომ მათი ნაწილი გაბრუნდა, ხოლო ნაწილი ადგილზე რჩება და გზის გახსნას ელოდება.
როგორც საზოგადოებრივს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, მოქალაქეებს, რომლებიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილდებოდნენ, განემარტათ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, გზის გაგრძელების უფლებას ვერ მისცემდნენ.
„ამ მომენტში, გზა ჩაკეტილია, ვინაიდან ძლიერად წვიმს და ძლიერი ქვათაცვენაა, ამიტომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება საშიშია. მგზავრების გადაადგილება ჩვენი ძალებით არის შეჩერებული. როგორც კი წვიმა გადაიღებს და ქვათაცვენა შეჩერდება, გზა ჩამოსული ქვის მასებისგან გაიწმინდება და მოძრაობა აღდგება.
როდის გადაიღებს წვიმა, ამის თქმა არ შეგვიძლია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ალბათ, იქ ტრანსპორტს არ შევუშვებთ. შესაბამისი ტექნიკა ადგილზე მობილიზებულია, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა და გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება, ჯერ საშიშია“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.
1tv.ge
No comments:
Post a Comment