Sunday, May 14, 2017

„სკანდალური სტატისტიკა“ – რა პრობლემებია სკოლამდელ განათლებაში

18010447_1524370494276146_8082435741543617606_nმსოფლიო ბანკმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან  (ISET) და „იუნისეფთან“ ერთად განათლების საკითხებზე სადისკუსიო ფორუმები დაიწყო.  პირველი ფორუმი სკოლამდელი განათლების საკითხს მიეძღვნა.
როგორც ფორუმის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სკოლამდელი განათლების გადამწყვეტი როლი შემდგომი აკადემიური მიღწევებისთვის დასაბუთებულია მრავალი კვლევის მიერ. სკოლამდელი განათლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს რეფორმის პროცესში. ბოლო პერიოდში დამტკიცდა, რომ სკოლამდელი განათლება არა მხოლოდ  მაღალი აკადემიური მიღწევებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ხელს უწყობს  ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებასაც.
დისკუსიისას ხაზი გაესვა სკოლამდელი განათლების საგანგაშო სტატისტიკას.
„2015 წელს საქართველოში 3-5 წლის ბავშვების 62.3% დადიოდა საბავშვო ბაღში (მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, 2015 წ.). ეს მონაცემი არადამაკმაყოფილებელია (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებისთვის. ამ ასაკის ბავშვთა საბავშო ბაღში დასწრების საშუალო მაჩვენებლია 80.6%, ხოლო ევროკავშირის 27 ქვეყანაში  კიდევ უფრო მაღალი – 82.6%), თუმცა კიდევ მეტად შემაშფოთებელია სკოლამდელი განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა. მდიდარი ოჯახების ბავშვთა თითქმის 70 % დადიოდა საბავშვო ბაღში, ხოლო ღარიბი ოჯახებისთვის ეს მაჩვენებლი 51.8% იყო. ზოგადად, საბავშვო ბაღში დასწრების მაჩვენებლი უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფლად (67.6% და 55.1%)“, – ამბობს სტატისტიკა.
აღნიშნული სტატისტიკა ISET-ს მკვლევარმა ფლორიან ბირმანმა შეაფასა როგორც სკანდალური, ვინაიდან მკვლევარების აზრით, სკოლამდელ განათლებაში დაბალი ჩართულობა განაპირობებს სკოლებში მოსწავლეთა ცუდ აკადემიურ მოსწრებას და გავლენას ახდენს საქართველოში კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობაზე.
ფორუმის განმავლობაში მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემებზე, რომლებიც სკოლამდელი განათლების საკითხის განხილვისას გამოიკვეთა. ეს არის ხელმისაწვდომობა და სკოლამდელი განათლების სისტემის ხარისხი. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებული სკოლისათვის მზაობის კვლევის თანახმად, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებული ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი აკმაყოფილებს დადგენილ შემეცნებით სტანდარტებს.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, სოფლად მცხოვრები ბავშვების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია სკოლამდელი განათლება, ვინაიდან რეგიონებში არ არსებობს სააღმზრდელო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პრობლემად დასახელდა ის ფაქტიც, რომ სათანადო ყურადღება ვერ ექცევა თითოეულ ბავშვს, ვინაიდან არ არის საკმარისი ჯგუფებში აღმზრდელთა რაოდენობა. პრობლემურია თავად აღმზრდელთა კვალიფიციურობის და გადამზადების საკითხი, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე აღმზრდელთა მოსამზადებელი პროგრამების არარსებობა.
„იუნისეფის“ განათლების პროგრამების ხელმძღვანელმა საქართველოში მაკო ყუფარაძემ, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან და ხარისხთან ერთად ყურადღება მის სიძვირეზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საჭიროა სხვა ალტერნატივების მოძებნა.
„მყარი სკოლამდელი განათლება არის საფუძველი ბავშვის როგორც აკადემიური წარმატების, ასევე სოციალური წარამატების სკოლაში და შემდეგ ცხოვრებაში. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება რეკომენდაციების შეჯერებას და მის გაჟღერებას.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაღი რეალურად ძვირადღირებული სერვისია, თუმცა  მნიშვნელოვანია, გამოინახოს ალტერნატივები, თუ სად შეიძლება სკოლამდელი განათლების ჯგუფებმა იფუნქციონიროს. თუკი საერთაშორისო გამოცდილებას მივყვებით და ჩვენს გამოცდილებასაც, საქართველოში არსებობს პრეცედენტები, შესაძლებელია, სკოლის ინფრასტრუქტურაც კი იყოს გამოყენებული.  სადაც სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გაიხსნას სკოლამდელი ჯგუფები.  განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სოფლებში, სადაც საერთოდ არ არსებობს საბავშვო ბაღები“, – აღნიშნა მაკო ყუფარაძემ,
18402664_1524372517609277_4140411487975842141_nპარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის  მარიამ ჯაშის თქმით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მისი თქმით, თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 7-ის აშენება იგეგმება. ამას მიუთითებს „იუნისეფის“ და „აისეტის“ კვლევები. თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პრობლემები რჩება.
„რეალურად, ქალაქში ბავშვთა 62% და სოფლად მხოლოდ 55%  დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლის ბაზაზე ადრეული განათლების პროგრამებში.  ჩვენ დღეისთვის ბევრი პრობლემის წარმოჩენა შეგვიძლია. განსაკუთრებით პრობლემურია ინფრასტრუქტურა რეგიონებში, ასევე კვალიფიციური საკადრო რესურსი“, – ამბობს მარიამ ჯაში.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ  EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს განათლების სამინისტროსთან ერთად და არსებული საბავშვო ბაღების, სკოლამდელი აღზრდის და განათლების სერვისების, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საკადრო რესურსის უპრეცედენტო მასშტაბის სრული ინვენტარიზაცია ხდება.
„კომიტეტიდან პირადად მე ვუწევ ამ პროცესს კოორდინაციას და განათლების სამინისტროდან მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ჩვენი მიზანია, სრულად მოხდეს არსებული პრობლემების და საკითხების ინვენტარიცაზია თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე და შემდგომი ეტაპი იქნება, მოხდეს უკვე საქართველოს კანონის საერთაშორისო ვალდებულებებთან დადარება ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის და განისაზღვროს ის ფინანსური და საკადრო დეფიციტი, რომელიც არსებობს. ეს უნდა განხორციელდეს, იმისთვის რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ ხელმისაწვდომობაც და ხარისხიც.
ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. თვითონ სამუშაო პროცესში მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება აღმზრდელებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მონიტორინგი. 1 ოქტომბრისთვის სტანდარტები უკვე მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა შემუშავდეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ.
ჩვენს კითხვაზე, როდის შეძლებს სოფელში მცხოვრები ყველა ბავშვი მიიღოს სკოლამდელი განათლება, მარიამ ჯაში გვპასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია დამატებითი რესურსების შესაძლებლობებზე.
„ამ დონის დეტალური ანალიზი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ განხორციელებულა საქართველოში. ჩვენ გვექნება თითოეული მუნიციპალიტეტის, ქალაქის, სოფლის დონეზე არსებული პრობლემების ანალიზი. ივნისის ბოლოსთვის გვექნება დეტალური სტრატეგიული გეგმა, როგორ შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს და რეალისტური გეგმა, რა დრო დაგვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ სულ მცირე ბავშვების 90% -ისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სკოლამდელი აღზრდის სისტემა. ყველაფერი დამოკიდებულია დამატებითი რესურსების შესაძლებლობებზე, მაგრამ თანხვედრაში უნდა იყოს როგორც ფინანსური რესურსის ინვესტიცია, ასევე ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა 

No comments:

Post a Comment