Wednesday, October 11, 2017

კვირიკაშვილი: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ეთნიკურ დისკრიმინაციასა და წმენდაში აისახება

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და დღემდე გრძელდება რუსეთს მხრიდან აგრესია.
"რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით;​ განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავრთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა,  გამოხატული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, "საქართველო სრულ შესაბამისობაშია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - განაცხდა პრემიერმა.
რუსეთიდან მომავალ აგრესიის შესახებ კონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ილაპარაკა.
კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოსულია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც.
გუშინ ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) დაიწო, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment