შსს-ს არქივის პროექტის-"აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“-ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემის-"დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ 1937-1938 წწ.)"პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტომიან გამოცემაში ქართველი და აფხაზი მეცნიერებისა და ექსპერტების მიერ გასული საუკუნის 30-იანი წლებში აფხაზეთში განხორციელებული რეპრესიების შესახებ მოძიებული ინფორმაცია და დამუშავებული საარქივო დოკუმენტური მასალა შევიდა.
“პროექტის მიზანი იყო იმ საარქივო მასალების შეკრება, რომელიც 1937-1938 წლებში აფხაზეთში არსებულ რეპრესიებს ეხებოდა. პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვითანაშრომლეთ ქართველ და აფხაზ ისტორიკოსებთან. ინტენსიური განხილვები კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და შედეგად, ჯგუფმა კარგად იმუშავა“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსმა ანა კაპელომ.
ქართველი და აფხაზი მეცნიერები სამტომეულზე ორი წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ. სტამბულში, ვენეციაში, ერევანში, ტალინსა და პარიზში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე პროექტის მონაწილეები განიხილავდნენ საარქივო მასალების მართვა-მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, ათანხმებდნენ ცალკეულ მასალებსა და გამოსაცემად გამზადებულ ტექსტებს.
გამოცემა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment