Sunday, October 8, 2017

სტუ-ს პროფესორის აღიარება


 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს რამაზ ქაცარავას 2017 წელს საქართველოს საუკეთესო მეცნიერის წოდება მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ პროფ. ქაცარავას მიერ შემუშავებულია პოლიმერების სინთეზის პოლიკონდენსაციური მეთოდის მე-3 თაობა - ე.წ. „აქტივირებული პოლიკონდენსაცია“. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კიდევ ერთი, ე.წ.  „სილილური პოლიკონდენსაციის“ განვითარებაში. მეთოდებმა მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, რიგი მათგანი მოიხსენიება „ქაცარავას მეთოდის“ სახელწოდებით. ახალი მეთოდების გამოყენებით განხორციელებულია სხვადასხვა კლასის პოლიმერების სინთეზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სინთეზი, კვლევა და პრაქტიკაში დანერგვა.



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პირველი პუბლიკაცია სამასალე თვისებების მქონე ამინომჟავური პოლიესტერამიდების სინთეზზე გამოქვეყნდა გერმანულ ჟურნალში Macromol. Chem. Phys., (ყოფილი Makromolekulare Chemie, 1994 წ.). მას მოყვა მრავალი პუბლიკაცია და პატენტი როგორც ქაცარავას ჯგუფის, ასევე, სხვა ქვეყნების მკვლევართა მიერ. საგულისხმოა, რომ ქართველი მეცნიერთა ჯგუფმა, პოლიესტერამიდების შემდგომ, პირველად მიიღო ამინომჟავური პოლიმერების კიდევ ორი კლასი - პოლიესტერურეთანები და პოლიესტერშარდოვანები (Macromol. Chem. Phys., 1997 წ.), რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ბიოდეგრადირებადი პოლიმერების სამასალე თვისებათა სპექტრი. აღნიშნული პოლიმერები, სინთეზირებული ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე, განიხილება როგორც „ფსევდო-პროტეინები“. ფსევდო-პროტეინები მრავალი პარამეტრით აღემატებიან მსოფლიო მარკეტზე არსებულ ბიოდეგრადირებად პოლიმერებს, რის გამოც თანდათან იმკვიდრებენ ლიდერის პოზიციებს ამ კლასის პოლიმერების ოჯახში.

უდიდესია ფსევდო-პროტეინების ბიოსამედიცინო გამოყენების პერსპექტივები, მათი კომერციული პოტენციალი (მრავალმილიარდიან ბაზარზე) განწოვადი ქირურგიული მასალების, წამლების მიმწოდებელი/გადამტანი სისტემების და თერაპიული პოლიმერების სახით. ფსევდო-პროტეინებისგან მიღებულია ნანონაწილაკები და მიკროსფეროები - წამლების გადამტანი კონტეინერები.

ამჟამად პროფ. ქაცარავას გუნდი ამუშავებს სპეციალურ ნანოკონტეინერებს სამკურნალო პრეპარატების თვალში უმტკივნეულო შეყვანისათვის ჩაწვეთებით, ინექციის გარეშე (პროექტი წარდგენილია შრესფ-ის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსზე). მუშავდება ფიზიოლოგიურად აქტიური პოლიმერების მიღების ახალი მეთოდი ალკინ-აზიდური კლიკ-ქიმიის გამოყენებით.



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რამაზ ქაცარავა ინტენსიურად თანამშრომლობს აშშ, იაპონიის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ფირმებთან. მიღებული ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერული მასალები დანერგილია აშშ-ში “MediVas”, “SurModics”, “Intralytix”, “Svelte Medical Systems”, “Phagelux” კომპანიების და ჰოლანდიური Royal-DSM კომპანიის მიერ ქირურგიული და წამლების კონტროლირებადი მიწოდების სისტემების სახით.

ევროპის კლინიკებში დანერგილია  ქაცარავას პოლიმერით (US Patents 6503538, 7304122, 7408018) დაფარული, რესტენოზის დამთრგუნავი წამლის გამომყოფი ვასკულარული სტენტი.

პრაქტიკული გამოყენებისათვის საქართველოში შექმნილია და რეკომენდირებულია ხელოვნური კანი “ფაგობიოდერმი”, აეროზოლური პრეპარატი “კოლადერმი”, რომლებიც გამოირჩევა ჭრილობის შეხორცების მაღალი პოტენციალით; ასევე, სოკოს სამკურნალო აეროზოლი “მიკოდერმი”.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე შრომა: 59 გამოგონება (30 საავტორო მოწმობა, 11 საქართველოს პატენტი, 9 აშშ-ს პატენტი, 9 PCT განაცხადი), მოხსენებათა თეზისები, სტატიები, მათ შორის 153 სტატია იმპაქტ-ფაქტორიან, რეფერირებად ჟურნალებში, ციტირების ინდექსი (CI) 1992 (GoogleScholar, 2ოქტომბრის მონაცემი). ქართველი მეცნიერი ლექციებს უკითხავდა უცხოეთის არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც წარჩინებული გამომგონებელი, რამაზ ქაცარავა დაჯილდოებულია WIPO-ს (მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის) ოქროს მედლით და ღირსების ორდენით მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment