კვირას, 23 თებერვალს, ზუსტად 70 წელი სრულდება, რაც, საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, იოსებ სტალინის განკარგულებით, ვაინახური მოდგმის ხალხები - ჩეჩნები, ასევე ინგუშები და საქართველოში მცხოვრები მათი მონათესავე ქისტები - შუა აზიაში გაასახლეს. ოპერაცია „ჩეჩევიცა“ - „ოსპი“ - გულისხმობდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ნახევარი მილიონი ადამიანის დეპორტაციას - დასჯას ნაცისტებთან თანამშრომლობისათვის. ჩეჩენ ქალს, მუხაჟარ ჯაბრაილოვას, კარგად ახსოვს 1944 წლის 23 თებერვალი, როცა მათ სოფელს, ზანდაკს, სამხედრო მანქანების კოლონა მიუახლოვდა. რეგიონი მაშინ ჩეჩენ-ინგუშთა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად იწოდებოდა. მუხაჟარი, რომელიც მაშინ 13 წლისა იყო, იხსენებს:
„დედაჩემი გაჩერდა, გზის პირას ჩამოჯდა და მოთქმა დაიწყო, ცრემლებად დაიღვარა. მე ვკითხე, რატომ ტირი-მეთქი. მიპასუხა: ეს მანქანები ჩვენი ხალხის, ჩვენ შორს წასაყვანად მოვიდაო“.
როცა ღამით ჯარისკაცებმა მათ კარზეც დააკანუნეს და გამოუცხადეს, ბარგი შეკარით, ხვალ მიდიხართო, ჯაბრაილოვა მიხვდა, რომ დედის ნათქვამი საშინელი რეალობა იყო. იმავე ღამით სოფელში ყველა კარზე დააკაკუნეს და მთელ სოფელს უბრძანეს აყრილიყვნენ. ასე, თანდათანობით, არა მხოლოდ ზანდაკიდან, არამედ ჩეჩენ-ინგუშეთის ყველა სოფლიდან და საქართველოს ქისტებით დასახლებული ადგილებიდან ხალხი გაასახლეს. ვაინახები - ძველად ქართულად დურძუკებად წოდებული ხალხები -საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით ვერ დაიკვეხნიდნენ. მართალია, მათი დიდი ნაწილი საბჭოთა არმიაში ირიცხებოდა და, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, სამამულო ომში იყო ჩართული, მაინც ფართოდ იყო გავრცელებული მათი მხრიდან დეზერტირობა, საბჭოთა ხელისუფლების სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.
წყარო: რადიო თავისუფლება
No comments:
Post a Comment