Friday, February 7, 2014

ზუსტად 95 წლის წინ, ქართულმა ჯარმა სოჭი დატოვა

თბილისი — დღეს, სოჭში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის დღეს, ზუსტად, 95 წელი შესრულდა რაც, საქართველოს ჯარს სოჭის დატოვება მოუხდა. ეს 1919 წლის 7 თებერვალს მოხდა.

მცირერიცხოვანმა ქართულმა ნაწილებმა, რომელსაც გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი ხელმძღვანელობდა ვერ შეძლო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა, რუსეთის თეთრი გენერლის, ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის, რომელიც იმ დროისთვის, საერთო ჯამში, 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს ითვლიდა. ქართველებმა ჯერ დაკარგეს სოჭი, შემდეგ ადლერი, ბოლოს გაგრა და მდინარე ბზიფამდე დაიხიეს უკან.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ნაწილების მარცხი საკმაოდ მძიმე იყო. ბრძოლაში 12 ჯარისკაცი დაიღუპა, 750-მდე კი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის, 48 ქართველი ოფიცერი და მეთაური გენერალი კონიაშვილიც (ეს სწორედ ის კონიაშვილია, რომელმაც 1921 წლის მარტში ხაშურისა და სურამის გვირაბისთვის ბრძოლაში წითელ რუსეთთან, მოულოდნელად მიატოვა მომგებიანი პოზიციები და მოგვიანებით თავი პოლონეთს შეაფარა - ზ.წ).

ასე დასრულდა საქართველოს მთავრობის მცდელობა საუკუნეების შემდეგ, დაებრუნებინა სოჭის ტერიტორია. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი სიმონ კილაძე, რომელის წლების მანძილზე მუშაობდა, კვლევაზე „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჰყვება, თუ რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას სოჭზე იერიში მიეტანა.

„ქართული ჯარის მიერ სოჭის ოლქის დაკავება შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა. საბჭოთა რუსეთთან უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა; საბჭოთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა ანუ ყუბანიდან სურსათის იმპორტის უზრუნველყოფა; სოჭელ ქართველთა უფლებების დაცვა და აფხაზთა ეროვნული საბჭოს თხოვნა ისტორიული ტერიტორიების შემოერთების შესახებ.

თუ ჩვენ გადავავლეთ თვალს მაშინდელ ქართულ გაზეთებს, სამხედრო დეპეშები იმას მეტყველებს, რომ რუსეთის წითელი არმიის ნაწილები საკმაოდ მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ქართულ არმიას ანუ ეს ბრძოლები ჩვენთვის იოლი გასეირნება არ ყოფილა.

სხვათა შორის, ტამანის წითელი არმიის ნაწილები, რომლებიც ტუაფსეში იყვნენ გამაგრებულნი, საბჭოთა ხელისუფლების დროს ლეგენდარული შარავანდედით იყო შემოსილნი. ხაზს უსვამდნენ რომ ქართველებს ტამანის წითელი არმია ებრძოდაო და ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული“ (ეფიმ ძიგანის ფილმი „железный поток“ (1967) - ზ.წ)  


სოჭზე ქართული ნაწილების შეტევას წინ უსწრებდა ვითარების უკიდურესი გამწვავება აფხაზეთში:  ბოლშევიკური აჯანყება და სოხუმის დაკავება 1918 წლის მარტში. ასევე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

საინტერესოა, რომ აფხაზმა არისტოკრატიამ, რომელთა დიდი ნაწილი არცთუ მეგობრულად იყო განწყობილი, აფხაზეთის ბოლშევიკებისგან გაწმენდა სწორედ მენშევიკურ თბილისს სთხოვა. ქართულმა გვარდიამ, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, 16 მაისს ბოლშევიკები ჯერ სოხუმიდან, შემდეგ კი გუდაუთიდან და ახალი ათონიდანაც გაყარა.

თუმცა, დუშეთში ბოლშევიკთა აჯანყების გამო (18-28 ივნისი, 1918), გვარდიის ნაწილი აფხაზეთიდან მალევე მოიხსნა და აღმოსავლეთ საქართველოში იქნა გადასროლილი. ამის გამო გუდაუთა და ახალი ათონი ისევ ბოლშევიკთა ხელში აღმოჩნდა.

1918 წლის 18 ივნისს, მენშევიკური თბილისის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის გუბერნატორად გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა. აფხაზეთში კი საქართველოს რეგულარული სამხედრო ნაწილები იქნა გადასროლილი. უკვე 22 ივნისს, მაზნიაშვილმა ბრძოლებით დაიბრუნა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა და მალევე მიადგა მდინარე ფსოუს.

იმავე დღეებში, აფხაზეთის ეროვნულმა კრებამ, ვლადიმერ შერვაშიძის მეთაურობით, წერილობით ითხოვა, რომ „ბოლშევიკური ანარქიისა“ და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, რაც ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს პორტის დაკავებამ გამოიწვია, ასევე „ისტორიული მიწების დაბრუნების მიზნით“, ქართულ ჯარს სოჭი და ტუაფსე დაეკავებინა. ქართველთა დასახმარებლად აფხაზებმა 300 კაციანი ცხენოსანთა კავალერიაც კი გამოყვეს.

ამ დროს, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განლაგებული იყო გერმანიის 3000 კაციანი საექსპედიციო კორპუსი, გენერალ ფრიდრიხ კრესს ფონ კრესენშტაინის ხელმძღვანელობით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის სამხედრო პოზიციებს.

27 ივნისს, ქართველებმა გაანადგურეს თურქეთის სამხედრო დესანტი მდინარე კოდორთან, რომელსაც აფხაზეთის ეროვნული კრების მტრულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს.უკვე 29 ივნისს, ქართველებმა 400 რუსი სამხედრო გაანადგურეს და დაიკავეს ადლერი.

5 და 6 ივლისს ბრძოლით შევიდნენ ხოსტასა და სოჭში. მომდევნო 20 დღიანი გააფრთებული ბრძოლების შემდეგ, გენერალმა მაზნიაშვილმა უმძიმესი დანაკარგები მიაყენა წითელი რუსეთის 4000 კაციან სამხედრო დაჯგუფებას, გენერალ ანტონოვის მეთაურობით  და 26 ივლისს აიღო ტუაფსე.

ქართველებს ხელში ჩაუვარდათ გემები, სამხედრო მატარებლები, ქვემეხები, ტყვიამფრქვევები და უამრავი ტყვე.  გერმანიის მხარდაჭერით, მენშევიკური თბილისი მაიკოპის აღებას ეშურებოდა. ქართველებმა ბოლოს ტუეფსადან 140 კილომეტრით მოშორებული ბელორეჩენსკიც აიღეს, აქედან მაიკოპამდე სულ 25 კილომეტრი იყო დარჩენილი. მაიკოპში იმ დროს ხორბლისა და ნავთობის დიდი მარაგი არსებობდა.

ნიშანდობლივია, რომ ქართველთა სამხედრო წარმატებამ ერთნაირად გააღიზიანა წითელი და თეთრი რუსეთი, რომლებიც ერთმანეთს გააფთრებით ებრძოდა. 1918 წლის 1 სექტემბერს, ტამანის წითელ არმიასთან შეტაკების შემდეგ, ქართველებმა ტუაფსე დათმეს, 1919 წლის თებერვალში კი თეთრი რუსეთის ლეგენდარულ ფიგურასთან - ანტონ დენიკინთან დაპირისპირების შემდეგ - სოჭის და გაგრის დათმობაც მოგვიხდა.

ქართველთა დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. 1918 წლის ნოემბერში, თბილისის მთავარი მოკავშირე გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა საქართველოდან ჯარები გაეყვანა.

გერმანია დიდმა ბრიტანეთმა შეცვალა, აქ საკუთარი ჯარები შემოიყვანა, თუმცა პატარა საქართველოს ინტერესები  ბოლომდე ვერ დაიცვა. (განსაკუთრებით ლონდონის მოკავშირე დენიკინთან მოლაპარაკების დროს - ზ.წ)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომი, რის გამოც თბილისს ჯარების გადაჯგუფება მოუხდა. ასევე თურქეთის შემოჭრა აწყური-ბორჯომის მიმართულებით. მენშევიკურ საქართველოს სოჭის ფრონტზე, დენიკინთან საბრძოლველად სამხედრო რესურსი უბრალოდ აღარ ეყო.

ისტორიკოსი სიმონ კილაძე მსჯელობს 1918 წელს,  სოჭისა და ტუაფსეს დაკავებით,  მენშევიკურმა თბილისმა რამდენად მოახერხა საკუთარი სტრატეგიული მიზნების გადაჭრა

„ეს იყო მაინც ლოკალური გამარჯვება. სტრატეგიული თვალსაზრისით, თავად გენერალი მაზნიაშვილიც მიიჩნევდა, რომ ძალიან ღრმა არ უნდა წაგვეწია წინ და ჩრდილოეთ კავკასიაში არ უნდა გადავსულიყავით. ტუაფსე არ უნდა დაგვეკავებინა და გავჩერებულიყავით უნდა სოჭთან. მისი შენარჩუნება უფრო ადვილი იქნებაო.

შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო პოლიტიკური თეატრის ცვლილებებმა ჩვენ იძულებული გაგვხადა უკან დაგვეხია და რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ.“

7 თვის განმავლობაში, როცა სოჭის ოლქი საქართველოს იურისდიქციაში იყო მოქცეული (1918 წლის ივლისი - 1919 წლის თებერვალი) თბილისმა რამდენიმე მილიონი მანეთი გადარიცხა სოჭის ბანკში; საქართველოს განათლების სამინისტრომ 100 ათასი მანეთი გამოყო სოჭის სკოლების დასაფინანსებლად. დაიწყო მომზადება აგრარული რეფორმის განსახორციელებლად.

სოჭის ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი სანატორიუმ „კავკასიის რივიერაში“ მუშაობდა  (ეს სანატორიული 2013 წელს დაანგრიეს - ზ.წ), საქართველოს მთავრობის პირველი რწმუნებული სოჭის ოლქში გიზო ანჯაფარიძე იყო, უკანასკნელი კი მუხრან ხოჭოლავა.

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც 1919 წლის 18 იანვარს დაიწყო, საქართველოს მენშევიკური მთავრობა ძველი რუქების წარდგენით ამტკიცებდა, რომ სოჭის ოლქი საქართველოს ისტორიული ტერიტორია იყო და საქართველო-რუსეთის საზღვარი, ტუაფსედან 14 კილომეტრში, მდინარე მაკოფსეზე უნდა გავლებულიყო, თუმცა ამაოდ.

სოჭის ოლქის დაკარგვის შემდეგ, ქართულმა ჯარმა კონტრიერიშით, მხოლოდ გაგრისა და განთიადის (ყოფილი პილენკოვო, ახლანდელი ცანდრიფში - ზ.წ) დაკავება შეძლო და  მდინარე ფსოუსა და მდინარე ბზიფს შორის არსებული ტერიტორია დაიბრუნა, რომელიც 1904 წლიდან, რუსეთის შავი ზღვის გუბერნიის საზღვრებში იყო მოქცეული.

ზაზა წულაძე, amerikiskhma.com

No comments:

Post a Comment