2015 წლიდან ზოგადი განათლების სფეროში ახალი 5-წლიანი პროექტი დაიწყება, რომელიც 24 ათასამდე მასწავლებლის გადამზადებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწას ითვალისწინებს.
"ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ზოგადი განათლების ხარისხის ზრდა და ამ განათლებაზე ხელიმისაწვდომობა ყველა ოჯახმა იგრძნოს,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს, 17 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ზოგადი განათლების პროექტის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის გრანტის სახით 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქედან ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით 76 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს.
აღნიშნული თანხა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებაში, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა ტიპის შეფასებაში დაიხარჯება.
კონკრეტულად, პროექტის განხორციელების განმავლობაში (2015-2020) უნდა დაიხვეწოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა; უნდა შემუშავდეს პროფესიული განვითარების მოდულების დეტალური სქემა და კურიკულუმი; გარდა ამისა, 7-12 კლასების მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის საგნების საჯარო სკოლების პედაგოგი (ჯამში, 24 ათასამდე) და 2085 საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადებას გაივლის.
რაც შეეხება შეფასებას, ზოგადი განათლების ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებთან ერთად, რომელსაც ასევე ითვალისწინებს პროექტი, შემუშავდება საკლასო შეფასების ახალი სისტემა. საკლასო შეფასების სისტემის დანერგვა, როგორც პროექტის მენეჯერები აცხადებენ, ყოველდღიური სწავლების პროცესისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუჯობესების მიზნით მოხდება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საკლასო შეფასების სისტემას პროექტის ფარგლებში "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" დანერგავს.
გარდა ამისა, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწვლო გარემოს გაუმჯობესება იგეგმება (მათ შორის უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ლაბორატორიებით).
2015 წლამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, იქამდე, სანამ პროექტი დაიწყება, ორგანიზაცია ზოგადი განათლების სფეროში არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენელთა განმარტებით, გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შედეგად ტექნიკური შეფასების საკონკურსო კომისიის ექსპერტებმა შეარჩიეს დამოუკიდებელი კერძო საკონსულტაციო კომპანია GOPA, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
"კომისიამ GOPA-ს მიერ შემოთავაზებული მიდგომები, მეთოდოლოგია და საერთაშორისო ექსპერტები სფეროსათვის ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნია და შეაფასა, როგორც კონკურსში მონაწილე ყველაზე კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად GOPA განახორციელებს სისტემის ანალიზს, გამოავლენს საჭიროებებს და გაუწევს დახმარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს პოლიტიკის განსაზღვრაში. კომპაქტის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობამ ადამიანური რესურსის განვითარების აუცილებლობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, რაც განპირობებულია კვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტების სიმცირით და რაც, თავის მხრივ, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.
განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და საქართველოში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ხელშეწყობის მიზნით, კომპაქტის აქტივობები მიმართულია განათლების სექტორის ყველა დონეზე და გულისხმობს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების გაძლიერებას.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment