ახალი ზელანდიის ლეგენდა, ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი მორაგბე დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა თირკმლის საკმაოდ იშვიათ დაავადებას, თუმცა მასთან გამკლავება ვერ შეძლო…
ლომუს დებიუტი “ოლ ბლექსის” შემადგენლობაში 1994 წელს შედგა, თუმცა ფართო საზოგადოებამ ნამდვილი მებრძოლი, რომელიც რაგბის ისტორიაში მოვლენად იქცა, 1995 წლის მსოფლიო თასზე გაიცნო. განსაკუთრებული ლომუსთვის ინგლისის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 4 ლელო გაიტანა. საერთო ჯამში კი 63 სანაკრებო შეხვედრაში მან მეტოქის ჩათვლის მოედნის აღება 37-ჯერ შეძლო.
ლომუს კარიერის საუკეთესო წლებში ვერავინ იფიქრებდა, რომ საოცარი ძალის მქონე მორაგბის შეჩერება ვინმეს ან რაიმეს შეეძლო, თუმცა 2004-ში, ბოლო სანაკრებო მატჩიდან 2 წლის შემდეგ თირკმლის გადანერგვა დასჭირდა, რამაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დროებით მოუგვარა. ლომუმ 2009 წელს მოედანზე დაბრუნებაც კი შეძლო და საფრანგეთში, “მარსელის” შემაგენლობაში სცადა თამაშის დაწყება, თუმცა მისმა ორგანიზმმა დონორის ორგანო არ მიიღო და 2011-ში ლომუს მდგომარეობა გართულდა.
უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა, ლომუმ ცხოვრების მთავარ სურვილზე ისაუბრა. ვეტერან მორაგბეს ძალიან უნდოდა თავისი 5 და 6 წლის შვილების 21-ე დაბადების დღის აღნიშვნა. ლომუს თქმით, ის მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩათვლიდა საკუთარ თავს ბედნიერ ადამიანად.
“ეს ჩემი ოცნებაა. შესაძლოა, ამ დღეს ვერ მოვესწრო, მაგრამ ამაზე ნებისმიერი მშობელი ოცნებობს. ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები იყვნენ”, – განაცხადა ლომუმ ბოლო ინტერვიუში, რომლის ჩაწერამდეც მან საავადმყოფოში 6 საათი, დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად გაატარა. ბოლო წლებში ის სწორედ ამ რეჟიმით ცხოვრობდა და კვირაში 3-ჯერ უწევდა მსგავსი პროცედურის გაკეთება. მიუხედავად ამისა, მაინც გამორჩეულ პოზიტიურ ადამიანად რჩებოდა:
“რაც არ უნდა მოხდეს ბედნიერი და პოზიტიური უნდა იყო. დიახ, ეს პროცედურები და ცხოვრების ამგვარი რიტმი ძალიან რთული და დამღლელია, მაგრამ მე სხვა არჩევანი არ მაქვს. მეორე ვარიანტი დანებებაა, რასაც მე არ დავუშვებ. მე ვერ ვიტან წაგებას და ამიტომ ყოველთვის ვპოულობდი გზას გამარჯვებამდე. ამ მენტალიტეტმა მომიტანა წარმატება მოედანზე. ავადმყოფობა გამოწვევაა, რომელსაც უნდა ებრძოლო და არ დანებდე”.
ლომუს მთავარი მოტივაცია ავადმყოფობასთან ბრძოლის დროს მისი შვილები იყვნენ. ცნობილია, რომ თავად მორაგბეს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ხშირად ის მამამისის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა და მასთან 17 წლის მანძილზე არ ულაპარაკია. ურთიერთობა ლომუს მეუღლის დახმარებით 2013 წელს აღდგა, მამამისის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რის შემდეგაც შვილების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჯონასთვის მთავარი ამოცანა გახდა.
“მინდა, რომ ჩემს შვილებს უკეთესი ბავშვობა ჰქონდეთ, ვიდრე მე მქონდა. 14 წლიდან საკუთარი თავის რჩენა მიწევდა და ასეთ რამეს არავის ვუსურვებ. ჩემს შვილებთან მიმართებაში მსგავსს არ დავუშვებ. ამავე დროს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი არ ხდება და გარკეული ცხოვრებისეული სირთულე ყველამ უნდა გამოიაროს.
როდესაც სარკეში ვიხედები ჩემს ორ შვილს ვხედავ. ეს პატარა სასწაულია. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ბავშვების ყოლის შანსი ძალიან მცირე იყო, თუმცა მაინც შევძელით. ამაზე არც კი მიოცნებია და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მამა გავხდებოდი”.
არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ლომუმ რაგბიში რევოლუცია მოახდინა, თუმცა თავად ლეგენდარული სპორტსმენი მსოფლიო რაგბის დღევანდელ მდგომარეობას ასე აფასებდა:
“ძალიან აქტუალურია იმაზე საუბარი, რომ დღეს მოთამაშეები გაცილებით ძლიერები არიან. დიახ, ფიზიკურად ისინი დიდები არიან, თუმცა მთავარია რა გაქვს გულში. არიან ძალიან კარგი მონაცემების მქონდე მორაგბეები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ”.
mysports.ge