Thursday, May 24, 2018

მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული მოზარდის მამას ხვალ შეხვდება

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას ზაზა სარალიძე ხვალ შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში. კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – ნათვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავარმა პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა.
დღესვე ზაზა სარალიძემ განაცადა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრისთვის მზადაა. როგორც მოკლული მოზარდის მამა ამბობს, მთავარი პროკურორის განცხადებებით პროკურატურის პოზიციებში რაიმე ცვლილებები არ იკვეთება, თუმცა მოკლული მოზარდის მამას აინტერესებს, თუ რა პასუხებს გასცემს შოთაძე იმ ეჭვებს, რომელიც მას საქმის მასალებიდან გამომდინარე გააჩნია.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

მისი თქმით, თავად პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალებით იკვეთება საქმეში მინიმუმ კიდევ ერთი იარაღის მონაწილეობა, თუმცა როგორც ის ამბობს, ამის დასადგენადაც გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment