Monday, May 28, 2018

იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს დაავალა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, კარლო კოტარელიმ განაცხადა, რომ მზად არის შექმნას „ტექნოკრატების მთავრობა,“ რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისამდე, სანამ ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამასთან, თუ იტალიის პარლამენტი კოტარელის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს, ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, სექტემბერში დაინიშნოს.
იტალიის მთავრობის ფორმირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი.
იტალიაში, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა, ნაციონალისტურ-კონსერვატიულმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთმა ვარსკვლავმა“ შექმნეს კოალიცია და პრემიერმინისტრად წარადგინეს იურისტი ჯუზეპე კონტე.
უთანხმოების მიზეზად იქცა კონტეს მიერ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, მან როგორც საზოგადოების და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტმა, სავონას კანდიდატურა უარყო, რადგან ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა საფრთხეს შეუქმნიდა ევროზონის წევრობას.
სერჯო მატარელას განცხადებითვე, იტალიაში პოპულისტური მთავრობის შექმნის პერსპექტივამ შეაშფოთა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები. პოპულისტური პარტია „ხუთი ვარსკვლავი“ პრეზიდენტ მატარელას იმპიჩმენტით დაემუქრა, ნაციონალისტურმა „ჩრდილოეთის ლიგამ“ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
მატარელამ იურისტ ჯუზეპე კონტეს მთავრობის ფორმირება 23 მაისს დაავალა. იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment