Friday, June 29, 2018

საქართველო 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიბას ვიცეპრეზიდენტი თურგაი დემირელი, რომელიც ამასთანავე ფიბას ევროპის პრეზიდენტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პირველი შეხვედრა სტუმარმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მიერ, 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გამართულ ფიბას ერთ-ერთ კონგრესზე, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის, ან ფინალური ეტაპის ჩატარების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა.
მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარ მიზანსაც საკალათბურთო პოტენციალის ადგილზე გაცნობა და ამ მიზნით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმოადგენს.
თურგაი დემირელი დღესვე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და სერბეთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩს დაესწრება.
„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. საკვალიფიკაციო ეტაპი რამდენიმე ქვეყანაში ტარდება. ჩვენი სურვილია, ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართოს. დღეს საღამოს ქართველი კალათბურთელები სერბეთთან შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ჩვენი სტუმარი თურგაი დემირელი დაესწრება და ადგილზე გაეცნობა, თუ რამდენად შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს. სტუმარი კარგად ფლობს ინფორმაციას ბოლო წლებში, საქართველოში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, რაშიც ჩვენმა ქვეყანამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატსაც საქართველო მაღალ დონეზე გაუწევს მასპინძლობას. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, რათა საორგანიზაციო საკითხებზე მთავრობასთან მოხდეს შეთანხმებები. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment