ბოლო დღეების განმავლობაში ორი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ტრაილერის მონაწილეობით. ერთი 25 ივნისს, წეროვანში, როცა სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც, 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას საჭესთან ჩაეძინა და შემთხვევა ამან გამოიწვია.
დღეს კი აგარასთან მოხდა ავარია - ერთმანეთს შეეჯახა ავტომობილი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ და ტრაილერი, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.
საქართველოს გზებზე სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და განსაკუთრებით პრობლემებია საქალაქთაშორისო გზებზე, სადაც მძღოლები, მათ შორის სატვირთო ავტომანქანები, სიჩქარის გადაჭარბებას, რისკიან მანევრებს და სხვადასხვა დარღვევას არ ერიდებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით ავტოავარიების მზარდი ტენდენცია შეინიშნება.
საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს დაუკავშირდა:
- ტრაილერებს ცალკე არ გამოვყოფდი, რადგანაც ამ ავტომატარებლისთვის ცალკე რეგულაციები არ არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ სიჩქარის გადაჭარბება, ყველას მთავარი პრობლემაა. ჩვენს გზებზე უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სიჩქარის კონტროლი პრაქტიკულად ვერ ხდება, არ არის ეფექტიანად მოწყობილი რადარები, საპატრულო პოლიცია შესაბამისი სიჩქარის მაკონტროლებელი მოძრავი რადარით არ არის აღჭურვილი. შემდეგი საკითხია, მათი ტექნიკური გამართულობა, რაზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.ჩვენს გზებზე დიდი რაოდენობით უცხოურნომრიანი ტრაილერები მოძრაობენ და საფრთხეს ხშირად ისინი ქმნიან...
- ჩვენებიც დადიან და მათთანაც არის შემთხვევები. ამიტომ უნდა იყოს საერთო (ცალკე ტრაილერს ვერ გამოვყოფ) რეგულაცია. ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გზაზე გადაადგილდება, საკითხავია ტექნიკურ ინსპექტირებას გადის თუ არა. სტატისტიკით ვიცით, რომ 2017 წელს, ვისაც ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაევლო, მაგალითად, მიკროავტობუსების, ავტობუსების და ტრაილერების, მხოლოდ 14%-მა გაიარა.
- საზღვარზე მოითხოვება თუ არა, ამ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის დამამტკიცებელი დოკუმენტი?
- როდესაც სიჩქარეზე ვსაუბრობდი, ეს ეხებოდა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ მანქანებს და სიჩქარის კონტროლთან დაკავშირებით უფრო რთულად დგას საკითხი. სამწუხაროდ, ვიდეოჯარიმები არ ეხება უცხო ნომრებით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, ტრაილერებსაც. ჩვენი ვიდეოკამერები არ აჯარიმებს. ეს იციან სიტყვაზე, თურქმა, აზერბაიჯანელმა, ჩვენი მეზობელი ქვეყნის მძღოლებმა, ვინც ჩვენი გზით სარგებლობს და ამიტომაც არღვევენ.
- მგონი, ტრაილერების მძღოლების დასვენების საკითხიც შესასწავლია...
- როცა მძღოლმა იცის, რომ არ კონტროლდება ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ჩამონტაჟებულია როგორც სატვირთო ტრანსპორტში, ისე სამგზავროში, სპეციალური მოწყობილობაც არ აღნიშნავს მძღოლის მოსვენების რეჟიმს, არ აღნიშნავს სიჩქარის გადაჭარბებას, ისიც არღვევს და პრობლემებიც ამის გამო იქმნება. ვიდეორეჟიმი საერთაშორისო გადაზიდვებზე არ მუშაობს, სისტემა პროგრამულად არ არის უზრუნველყოფილი. ამიტომ არ ვიცით, როგორ მოვექცეთ ტრანზიტულ ტრანსპორტს, რომელიც ჩვენს გზებზე მოძრაობს და არღვევს კანონს. უცნობია ტაქოგრაფების შემოწმება ხდება თუ არა, ასევე მძღოლის რეჟიმის კონტროლი, საზღვარზე მოითხოვება თუ არა იმ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტი ან თუ მოითხოვება ხდება თუ არა მათი შესწავლა. როცა ამ პუნქტებს ვერ ვახორციელებთ, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.
- რა რეკომენდაციების გაცემა შეიძლება?
- ჩვენი ყველა რეკომენდაცია უკავშირდება იმას, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება საქართველოში არ არსებობს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებდა, რა უფრო ეფექტიანი იქნებოდა, რა დაგეგმავდა პრევენციულ ღონისძიებებს, შეისწავლიდა კონკრეტულ მონაკვეთებს, სადაც უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რაც ყოველთვის მძღოლის ბრალი შეიძლება არც იყოს.
პრობლემა რამდენიმე მიმართულებით გვაქვს: კანონის აღსრულება, რომელიც ცუდ დღეშია და მიმაჩნია, რომ ზოგადად კონტროლიდან არის გამოსული, დარღვევებზე ადმინისტრირება თითქმის ვერ ხდება, ან რაც ხდება, საკმარისი არ არის, ასევე საპატრულო პოლიცია სათანადოდ არ არის მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვილი, აღარ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს. საგზაო მოძრაობის კანონი და ადმინიტრაციული კოდექსიც, ძველ დროშია ჩარჩენილი, რეალობას აღარ შეესაბამება. შეიძლება მართვის მოწმობა არ გქონდეს და საჭეს მართავდე. ამის მაგალითი გვაქვს, ერთი და იგივე ადამიანი 120-ჯერ არის დაჯარიმებული, რადგან მართვის მოწმობის გარეშე მართავდა საჭეს. ჩვენი კანონმდებლობა უშვებს, რომ მოხვდე საჭესთან საზოგადოებისთვის საშიში ადამიანი.
მთავარი მკვლელი დარღვევა კი, ისევ და ისევ სიჩქარის გადაჭარბებაა. ეს მთელ მსოფლიოშია აღიარებული, რასაც ქვეყნები მთელ სახელმწიფოებრივ რესურსს ახმარენ, რომ სიჩქარის კონტროლი მოხდეს. ჩვენ ამ მხრივ ყველაზე სუსტად გამოვიყურებით. ამიტომ ორგანოებმა, ვისაც ეს ეხება, კანონმდებლობა იმის მიხედვით უნდა შეცვალონ, რომ ნასვამი პირების მიმართ, სიჩქარის გადაჭარბების მიმართ, კანონი იყოს ძალიან მკაცრი!
ambebi.ge
No comments:
Post a Comment