Tuesday, August 28, 2018

ახალ სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდება - რა იცვლება სექტემბრიდან?

2018-2019 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო სკოლებში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილება ძირითადად, 1-ელ მე-6 კლასებს შეეხება და მოსწავლეთა შეფასებას, საგაკვეთილო დროს, უცხოურ ენებს მოიცავს. 

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებს გეგმავს უწყება სკოლებში სექტემბრიდან და რა შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრა. 

- 2018-2019 სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს. რომელ კლასებს შეეხება ძირითადად ეს ცვლილება?
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, 2018-2019 სასწავლო წელს სიახლეები ძირითადად დაწყებით საფეხურს - პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეეხებათ. ეს ეხება შეფასების სისტემას, გაკვეთილების ხანგრძლივობას, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გაძლიერებას, უცხოურ ენას და ა.შ. 
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში      
 
- მოსაწავლეთა შეფასების სისტემაში რა ცვლილებები იგეგმება? 
- 1-ელ მე-4 კლასებში ახლა მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმითაც ქულით შეფასება არ ხდება, არის მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. მაგრამ შეიცვალა ის, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრშიც მოსწავლე ქულით არ შეფასდება. როგორც იცით, 1-ელ მე-4 კლასებში ძირითადად ერთი მასწავლებელი ასწავლის რამდენიმე საგანს, ბავშვები მიჩვეულები არიან კლასის მასწავლებელს, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, დამრიგებელიცაა; მე-5 კლასიდან კი შემოდიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, შემოდის ნიშნების წერის სისტემაც, იქმნება განსხვავებული სასწავლო გარემო. ისე ხდება, რომ თუ მასწავლებელმა უმაღლესი შეფასება არ დაუწერა, ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ მიიღო მაგალითად, 9-იანი, რომელიც ასევე მაღალი ქულაა და არა 10-ანი - ეს კი ბავშვებისთვის სტრესია. ამდენად, მე-5 კლასის პირველი სემესტრიდან ქულებით შეფასების ამოღების გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ არ მიგვიღია; ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები დირექტორებთან და პედაგოგებთან გავიარეთ. მათ დაგვიდასტურეს, რომ ბავშვებისთვის ნიშნების წერის სისტემაზე გადასვლა სტრესული იყო, ამიტომ ზოგიერთი დირექტორის გადაწყვეტილებით, მასწავლებლები პირველი სამი კვირის განმავლობაში ნიშნებს ისედაც არ წერდნენ. ამდენად, გავიზიარეთ სკოლების ინიციატივა, რომ პირველ სემესტრში ნიშნები არ დაწერილიყო, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს შეჩვეოდნენ და შემდეგ გადავსულიყავით ქულებით შეფასებაზე. 
გარდა ამისა, საშინაო დავალებების მხრივ გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი ოდენობით დავალების მიცემა ხდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე მოსულიყო მეტი დატვირთვა, ამიტომ გადავწყვიტეთ 1-ელ მე-6 კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში ნიშანი საერთოდ არ დაიწეროს. ნიშანი დაიწერება საკლასო აქტივობებში, შემაჯამებელ დავალებებში, მაგრამ საშინაო დავალება იქნება მომზადება გაკვეთილისთვის. რაც შეეხება სემესტრულ და წლიურ შეფასებას, ჩვეულებრივ შეფასდებიან მოსწავლეები, როგორც აქამდე ხდებოდა. 

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

- გარდა ამისა, ცვლილება იგეგმება უცხოური ენის სწავლების მიმართულებითაც. კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილება და ვის შეეხება?

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უცხოური ენის სწავლება დაიწყება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. მართალია, ბავშვების ნაწილი მომზადებული მოდის სკოლაში, მაგალითად, იცის ანბანი, ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებები, მაგრამ რადგანაც ჩვენთან სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის, 1-ელი კლასი ითვლება საანბანე პერიოდად, ამიტომ ვფიქრობთ, სანამ ქართულ ანბანს სწავლობენ ბავშვები, მანამ უცხოური ენა არ შემოვიტანოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოური ენა შემოვიდეს პირველი კლასის მეორე სემესტრიდან. თუმცა, აქაც ხაზგასასმელია, წამყვანი ზეპირი მეტყველების განვითარება იქნება. 
რაც შეეხება მეორე უცხოურ ენას, სკოლისთვის სავალდებულოა მინიმუმ ორი უცხოური ენის შეთავაზება და აქედან ერთი აუცილებლად ევროპული ენა უნდა იყოს. ხშირად არ აქვთ მშობლებს ინფორმაცია, რომ არსებობს ამგვარი შესაძლებლობა. ვთხოვეთ სკოლებს, რომ მშობლებისთვის კარგად განემარტათ, რომ მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ სხვადასხვა ენას შორის. მაგალითად, არის სკოლები, სადაც წლებია მეორე უცხოური ენა რუსულია, იშვიათად, გერმანული. თუ მსურველი მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, შეუძლიათ ახალმა თაობამ განსხვავებული უცხოური ენის სწავლა დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში მეორე უცხო ენა რუსული იყო წლების განმავლობაში. ეს არ ნიშნავს რუსული ენის ამოგდებას, რუსული რჩება ერთ-ერთ უცხო ენად და ის საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში ხარისხიანი განათლება მიიღონ, ევროპული ენების აკადემიურ დონეზე სწავლებას უნდა შევუწყოთ ხელი. 

- რაც შეეხება ჯგუფების ჩამოყალიბებას ენის ფლობის დონეების მიხედვით, რომელი კლასებიდან აპირებთ ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას და რამდენი ასეთი დონე შეიძლება იყოს?
- საერთოდ, სკოლას ორ საგანში შეუძლია გაყოს კლასი - ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში. ამასთან, მასწავლებელს შეუძლია უცხოურ ენაში მოსწავლეთა ენის ფლობის დონეები გაითვალისწინოს. რომელი კლასიდან და როგორ დააჯგუფებს ბავშვებს, ამაზე სკოლამ და მასწავლებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაძლებელია ისიც, რომ თუ ორი პარალელური კლასია, აქედან ოთხი განაყოფი გააკეთოს და დონეების მიხედვით დააჯგუფოს ბავშვები. აქ ძალიან მნიშნველოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვებს არ ვყოფთ ძლიერ და სუსტ მოსწავლეებად, არამედ ენის ფლობის დონის მიხედვით ხდება მოსწავლეთა დაყოფა. 

- ეხება თუ არა ცვლილება პარალელურ კლასებს? მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით, თითო კლასში 18 ბავშვი უნდა იყოს, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ასევე შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და 15 მოსწავლით ჯგუფის განსაზღვრა. გვაქვს თუ არა სიახლე ამ მიმართულებით და რამდენი მოსაწავლე უნდა იყოს თითო კლასში. 
- ამ მუხლში ცვლილება არ გვაქვს. მოსწავლეთა რაოდენობა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმითაც ასევეა განსაზღვრული. 

- რაც შეეხება ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას, მაქსიმალური რაოდენობა ახლა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. თუმცა, 2018 წლის 15 სექტემბრიდან ეს პუნქტი ძალადაკარგულად ითვლება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით რამდენი მოსწავლით შეიძლება განისაზღვროს ჯგუფი?
- 2014-2015 სასწავლო წლამდე ვინც იყვნენ მოსწავლეები ჩარიცხული, ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა 30 მოსწავლით განისაზღვრა და გამონაკლის შემთხვევაში 35-ს არ უნდა აჭარბებდეს. 35 მოსწავლიანი კლასები მილევად რეჟიმშია და ცოტა ხანში აღარ იქნება, რადგან 2014-2015 სასწავლო წლის შემდეგ ვინც ჩაირიცხა, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა და 25-ით განისაზღვრა. აქაც შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ჯგუფის მაქსიმუმ 29 მოსწავლით დაკომპლექტება, თუმცა ეს გამონაკლისიც დასაბუთებული უნდა იყოს. 

- რაც შეეხება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, სადაც 1-2 მოსწავლეა კლასში. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესაძლებელია კლასკომპლექტების შექმნა. რა იგულისხმება ამაში და რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასკომპლექტში?
- კლასკომპლექტში შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 10 მოსწავლე და შესაძლებელია გაერთიანდეს ორი კლასის მოსწავლეები. მაგალითად, 1-ელი და მე-3 ან მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთ კლასში. არ არის აუცილებელი, რომ ყველა საგანში გაერთიანდნენ ეს ბავშვები. მაგალითად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე კლასის გაერთიანებაც, ასევე ხელოვნების გაკვეთილზე. ეს თვითონ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის საჭირო, როგორ დაგეგმოს და განახორციელოს. თუ სწორად მოხდება პროცესის დაგეგმვა და დარეგულირება, შესაძლებელია, რომ უფროსკლასელები ჩაერთონ უმცროსკლასელების განათლების პროცესში. პროცესის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მერწმუნეთ, ასეთ კლასკომპლექტში გაცილებით მეტადაა შესაძლებელი ინდივიდუალური მიდგომა, ვიდრე, 35-მოსწავლიან ჯგუფში. კლასკომპლექტები აქამდეც იყო, მაგრამ მასში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 15-დან 10-მდე, სიახლე ეს არის. ასეთი კლასკომპლექტები ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება. 

- რაც შეეხება დამრიგებლებს, რა ფუნქციით რჩება დამრიგებელი კლასში, იცვლება თუ არა მისი ფუნქციები და შესაძლებელია თუ არა კლასს დამრიგებელი არ ჰყავდეს?
- კლასს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. თუმცა, შესაძლებელია მცირეკონტინგენტიან სკოლებში ორ კლასს ერთი დამრიგებელი ჰყავდეს. ასეთ სკოლებში ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ერთ დამრიგებელს არანაკლებ 10 მოსწავლე ჰყავდეს. 

- გაკვეთილების ხანგრძლივობის მიმართულებითაც იგეგმება სიახლეები...

- დიახ, გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40 - წუთიანი გახდა; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მე-2 კლასში - 40 წუთით, ხოლო მე-3-მე-12 კლასებში - 45 წუთით. გარდა ამისა, პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია. 

- რაც შეეხება კონკრეტულ საგნებს, ამ მიმართულებით რა სიახლეები იგეგმება?
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში გვაქვს სიახლე. ცალკე გამოიყო ენის კომპონენტი მე-5, მე-6 კლასებში. გაკეთდა ჩანაწერი, რომ პედაგოგს შეუძლია ცალკე საათები დაუთმოს გრამატიკას. წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ამაში არ ზღუდავდა პედაგოგებს, თუმცა, მათი მოთხოვნით მაინც გაკეთდა ამგვარი ჩანაწერი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუკონკრეტებთ, რამდენი საათი დაეთმობა ლიტერატურას და რამდენი - ენას, ეს ცალსახად მასწავლებლის გადასაწყვეტია. მაგალითად, კვირაში თუ 5 საათია ქართულ ენასა და ლიტერატურაზე გამოყოფილი, შესაძლებელია ენა სრულად ინტეგრირებული იყოს ლიტერატურასთან, მაგრამ ასევე შესაძლებელია ცალკე საათი დაეთმოს მას, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. 

- განათლების სამინისტრო მოსწავლეთა შეფასების ცვლილებას მე-10-მე-12 კლასებშიც გეგმავდა, თუ არის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი და როდის ამოქმედდება?
- ეს ყველაფერი არის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ნაწილი, ამ ეტაპზე დამტკიცებულია სწავლა-სწავლების პროცესის ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხების ნაწილი, დამტკიცებულია 1-ელი-მე-6 კლასების საგნობრივი სტანდარტები, რომელთა დანერგვა წელს იწყება, ასევე დამტკიცებულია საბაზო საფეხურის სტანდარტები და წლიური პროგრამები, რომელიც მომდევნო სასწავლო წელს, 2019-2020 წლიდან დაინერგება. ამჟამად მიმდინარეობს საშუალო საფეხურის რევიზია, რომელიც 2020-2021 წლიდან დინერგება. მომდევნო წლების სიახლეებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მაღალ საფეხურებზეც მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. 

- აუცილებლად უნდა გკითხოთ საერთაშორისო კვლევების საგანგაშო შედეგებზე. მაგალითად, 9-10 წლის მოსწავლეების 14 პროცენტს წაკითხულის გააზრება უჭირს, 42 პროცენტი კი ზღვარზე. როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლეთა განვითარებაზე, სახელმძღვანელოებში ცვლილებებზე და ა.შ. რამდენად არის ახლანდელი სახელმძღვანელოები მორგებული ამ შედეგის გამოსწორებაზე და რა ხარვეზები რჩება?
- ნამდვილად, მოსწავლეთა შედეგები არის საშუალოზე ქვემოთ, დაბალი შედეგები გვაქვს არა მარტო საერთაშორისო კვლევებით, სამინისტროს მიერ ჩატარებული სახელმწიფო შეფასებითაც, რომელიც ამოწმებს ეროვნული სასწავლო გეგმა როგორ სრულდება და ინერგება. აქაც დაახლოებით მსგავსი სურათია. განსხვავებული შედეგები გვაქვს ქალაქის და სოფლის სკოლებს შორის ასევე, საჯარო და კერძო სკოლებს შორის. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სადაც 1-ელი-მე-6 კლასების გარდა ეროვნული სასწავლო გეგმა არ დანერგილა. 2011-2018 წლების გეგმაც კი, რომელიც ახლა იცვლება, ამ სკოლებში საბაზო-საშუალო საფეხურებზე არ იყო დანერგილი.

- რა იყო ამის მიზეზი?

- ბევრი მიზეზი იყო, მათ შორის, სახელმძღვანელოების თარგმნის პრობლემა, მასწავლებლების მომზადება და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი პირდაპირ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადავლენ. 

- ეს პრობლემები რჩება თუ უკვე გადამზადებულები არიან პედაგობები და ნათარგმნია სახელმძღვანელოები?
- პრობლემა რჩება, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება სახელმძღვანელოების თარგმნა და მასწავლებლების გადამზადება. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული 1-ელი-მე-6 კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მომდევნო სასწავლო წლიდან დაინერგება დაწყებითი საფეხური არაქართულენოვან სკოლებში,. 1-ელი-მე-6 კლასების სახელმძღვანელოები, რომლებიც გრიფირებით შეირჩევა, მომდევნო წლისთვის ითარგმნება და ახალი სახელმძღვანელოებით შევა არაქართულენოვან სკოლებში. ამას უნდა მიყვეს საბაზო და საშუალო საფეხურებიც. 

- რაც შეეხება წიგნების წონას, ვიცით, რომ იცვლება 1-ელი-მე-6 კლასების სახელმძღვანელოები და გრიფირების პროცესის პარალელურად ყოველთვის იყო საუბრები იმაზე, რომ სახელმძღვანელოების წონა შემცირდებოდა. რა სიახლე გვაქვს ამ მიმართულებით? შემცირდა თუ არა წონა? ან გაიყოფა თუ არა 1-ელი და მეორე სემესტრის სასწავლო წიგნი?
- ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით მუშაობდნენ და წიგნის წონა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო გრიფირების პროცესში და წონა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ არ ვიყავი პროცესში ჩართული, კონკრეტულად ვერ გეტყვით რამდენითაა შემცირებული. 

- ასევე საუბარი იყო გაკვეთილების რაოდენობის შემცირებაზეც. ამ მიმართულებით რა სიახლე გვაქვს?

-1-ელი-მე-6 კლასებში გაკვეთილების რაოდენობა ისედაც არ არის ბევრი. მე-6 კლასელს მაქსიმუმ 3-ჯერ აქვს 6 გაკვეთილი კვირის განმავლობაში. თუმცა, განსხვავებული ვითარება იყო საბაზო საფეხურზე, სადაც ბადე გადატვირთული გვქონდა. ვფიქრობ, შესაძლებელია რაოდენობის შემცირება. საშუალო საფეხურზეც მიდის რევიზია და აქაც იქნება გაკვეთილების რაოდენობის შემცირება გათვალისწინებული. 

- მასწავლებლების ნაწილს შენიშვნები ჰქონდა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით. მათი თქმით, ელექტრონული ჟურნალი რთული შესავსებია, დიდ დროს საჭიროებს, ამიტომ ძირითად შემთხვევაში ისინი ამ ჟურნალს არ ავსებდნენ. რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით? შესაძლებელია ელექტრონული ჟურნალი გაუქმდეს?
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მუშაობს ელექტრონული ჟურნალის განახლების მიმართულებით. მომზადებულია გარკვეული ვერსია. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ჟურნალი მოსახმარად უნდა იყოს მარტივი, დაზოგოს პედაგოგის დრო. ვფიქრობ, რომ ელექტრონულ ჟურნალს ალტერნატივა არ აქვს, მისი გაუქმება არ იგეგმება. ელექტრონული ჟურნალი თავიდან აგვარიდებს ასევე ბევრ შეცდომას, რასაც ახლა საკმაოდ ხშირად უშვებენ; მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე მედალზე წარადგინეს, თუმცა, შეფასება არასწორად იყო გამოყვანილი, შემაჯამებელი შეფასება აკლდა და ა.შ. ათობით განაცხადის განხილვა გვიწევს ყოველწლიურად, რომ მოსწავლე მედლის გარეშე დარჩა, ან „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარი ვერ გახდა. ელექტრონულმა ჟურნალმა უნდა ჩაანაცვლოს ქაღალდის ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალი კარგი საშუალება იქნება მშობლისთვისაც, რათა მას ონლაინრეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რას აკეთებს მისი შვილი სკოლაში, რა პრობლემები და მიღწევები აქვს. ელექტრონული ჟურნალის სისტემა კარგად არის დანერგილი კერძო სკოლებში, მაგრამ არა საჯარო სკოლებში. თუმცა, სრულად როდის ჩაანაცვლებს საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალი სამაგიდო ჟურნალს, ამის თქმა გამიჭირდება. 

- გარკვეული ცვლილებები იგეგმებოდა სპორტის გაკვეთილების რაოდენობის მიმართულებითაც. საბოლოოდ რაზე შეჯერდით?

- სპორტის გაკვეთილებს 1-ელ და მე-4 კლასში დავამატეთ 1 საათი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ამ ასაკში ფიზიკური აქტივობით ბავშვების დატვირთვა. გარდა ამისა, შეზღუდვა დავაწესეთ, რომ სპორტის გაკვეთილებს სკოლები თვითნებურად ვერ მოაკლებენ საათებს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ სპორტის, მუსიკის, ხელოვნების გაკვეთილებს 25%-ის ფარგლებში აკლებდნენ საათებს და სხვა საგანს ემატებოდა სკოლის გადაწყვეტილებით. მაგრამ ახალი შეზღუდვით, ეს ვეღარ მოხდება, არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე. სხვა არის ინფრასტრუქტურული საკითხი, როცა დარბაზი ფიზიკურად არ არის სკოლაში, ან მხოლოდ ერთი დარბაზია და ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მივცეთ უფლება, სპორტის გაკვეთილებს მოაკლონ საათი. თუმცა, დარბაზების განახლების კუთხითაც ყოველ წელს პროგრესი გვაქვს, ემატება ახალგარემონტებული სკოლები, სივრცეები, ინვენტარი და ა.შ. 

თამთა კაკაურიძე
„ინტერპრესნიუსი“

No comments:

Post a Comment