Friday, February 24, 2017

რაში იხარჯება განათლების მიმართულებით ათასწლეულის ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი დოლარი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოსთვის მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის გრანტის ყველაზე დიდი ნაწილი განათლებას ხმარდება. აღნიშნული თანხა 2014-2019 წლებზეა გათვლილი.
2014-19 წლების განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისთვის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით თანხები შემდეგნაირად ნაწილდება. ზოგადი განათლების კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 76, 5 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილი, 54 მილიონი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-აღჭურვას ხმარდება.
მასწავლებლების და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის 14 მილიონი დოლარია გამოყოფილი. საერთაშორისო შეფასებებისთვის 5 მილიონი. პროფესიული განათლების პროქტისთვის 16 მილიონი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი უკვე გაიცა. უმაღლესი განათლების პროექტისთვის, რომელიც ძირითადად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამას ხმარდება, 30 მილიონი აშშ დოლარია.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” საქმიანობის წლიურ ანგარიშზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მილიონ შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ.
„ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სფეროს ამ მასშტაბით მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ განათლება, როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. 2016 წლის შედეგებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ამზადებს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. გარდა ამისა, უკვე გვაქვს პროფესიული განათლების თანამედროვე პროგრამა, რომლის განვითარებისთვის 12 მილიონი დოლარი გამოიყო. ასევე, გვაქვს რეაბილიტირებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი 12 სკოლა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. კომპაქტი ითვალისწინებს ჩვენი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც”, – აღნიშნა პრემიერმა.
კომპაქტის ფარგლებში განათლების სამინისტროს სხვადასხვა სიპები სხვადასხვა ოდენობის თანხებით ფინანსდება.
“ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში ჩვენ გვეძლევა ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს არაერთ საერთაშორისო კვლევაში. ასევე ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფო შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის გამოყოფილი სრული ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 მილიონს შეადგენს. ეს წლების მიხედვით არის გაწერილი. რამდენადაც მე ვიცი, მილენიუმის კომპაქტიდან ჩვენ ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს. ინფრასტრუქტურის სააგენტოს გაცილებით მეტი აქვს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს”,-  აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ყველას ერთად გვეძლევა საშუალება, ჩვენი ახალგაზრდების განათლება ავიყვანოთ სრულიად ახალ სიმაღლეზე:
“ვფიქრობდი, რომ ახლა იქნებოდა კარგი დრო სტუდენტობისთვის. მე კი არა ბევრ ჩვენგანს გაუვლის თავში ეს აზრი. იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობები იქმნება.  მე ყოველკვირეულად დავდივარ სკოლებში, ვესაუბრები მოსწავლეებს და ერთ-ერთი მთავარი, რასაც ვეუბნები, ასეთი შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, არასდროს ჰქონია არც ერთი მიმართულებით. შესაბამისად, მჯერა, რომ ისტორიული მომენტის მონაწილეები  ვართ”, – აღნიშნა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.
“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, ყოველწლიურად 35 მილიონი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული პროექტებისთვის მთლიანი 140 მილიონი დოლარიდან.
“3 მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს: ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება. 2017 წელს გაგრძელდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ამ დროისთვის სრულად რეაბიტილდა 12 საჯარო სკოლა. 9-ათასზე მეტმა პროფესორმა და მასწავლებელმა შეძლო მიეღო მონაწილეობა პროფესიული განვითარების და გადამზადების კურსებში. 12 მილიონი დოლარი ჩაიდო პროფესიული განათლების ახალი 45 პროგრამის განვითარებაში და დაწყებაში. 2016 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ აშშ-ს სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელება. 2017 წელს 2 ახალი პროგრამა დაემატა. ქართველ ახალგაზრდებს ბაკალავრიატის 6 პროგრამაში შეუძლიათ ჩართვა, რომ მიიღონ ამერიკული განათლება”, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-ის მთავრობის ეკონომიკური განვითარების სააგენტოა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა სიღარიბის დაძლევის მიზნით პროგრამების განსახორციელებლად. საქართველომ 2005 წელს მიიღო ამ ფონიდან 395 მილიონი აშშ დოლარი, რომლიც მოხმარდა ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის გნვითარების პროექტებს.
ცისანა არის© შერგილაშვილი
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment