Friday, February 10, 2017

რა სიახლეების ინიცირებას და დანერგვას გეგმავს მასწავლებლის სახლი 2017 წელს – ინტერვიუ გიორგი მაჩაბელთან

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ შეტანილი ცვლილებები თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია და სქემის მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. სქემის ძირითადი კონსტრუქცია იგივეა და შენარჩუნებულია მთავარი ორიენტირები, თუმცა სქემის განვითარება მუდმივი პროცესია და მომავალშიც მოხდება დახვეწის მიზნით მასში ცვლილებების შეტანა.
–ბატონო გიორგი, რა უნდა გაითვალისწინონ და ამ სასწავლო წელს, პირველ რიგში, რისი გაკეთება მოუწევთ პედაგოგებს ახალი სქემის მიხედვით?
–მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა არ იქნება დაკავშირებული პედაგოგის სკოლიდან გაშვებასთან, რასაც წინა ვარიანტი ითვალისწინებდა და ის სრულად იქნება ორიენტირებული მხოლოდ პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე. შეიცვალა საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციების დადასტურების ფორმატი და ფორმები. ბარიერის გადალახვის მეთოდიდან გადავედით კრედიტქულების დაგროვების მეთოდზე. მრავალფეროვანი გახდა განსახორციელებელ აქტივობათა ჩამონათვალი და ბევრი სხვა.
–განახლებული სქემის ამოქმედების პარალელურად უნდა დაიწყოს თავისუფალი გაკვეთილები სკოლებში, თქვენი ცენტრის როლზე მეტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ, როგორი იქნება თქვენი ჩართულობა?
–თავისუფალი გაკვეთილების კონცეფციაზე სამინისტრო მუშაობს. მომზადებულია გარკვეული მონახაზი. ცენტრი არ ყოფილა ჩართული თავისუფალი გაკვეთილის კონცეფციის შემუშავებაში, თუმცა სამინისტროსთან შეთანხმებით თავისუფალი გაკვეთილების განხორციელება შევიდა დამატებითი აქტივობების ჩამონათვალში, რაც უფროს და წამყვან მასწავლებლებს კრედიტქულების დაგროვებაშიც დაეხმარებათ.
–თქვენ აქტივობები ახსენეთ, რა სახის ტრენინგების ჩატარებაა დაგეგმილი ახალი სასწავლო წლის დადგომამდე მასწავლებლებისთვის და როგორ შეაფასებდით მათ მნიშვნელობას ამ ეტაპზე?
–ცენტრი ბევრი მიმართულებით ახორციელებს პროფესიული განვითარების ღონისძიებებს. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ტრენინგები. პედაგოგებს ვთავაზობთ საფეხურის შესაბამის აქტივობებს. ცენტრი ახორციელებს 11 მიზნობრივ პროგრამას, რომლებშიც ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა პროფესიული განვითარების პროგრამები და არა მარტო. ცენტრი ახორციელებს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამასაც, რომელშიც სქემა მოიაზრება. მაგალითისათვის, რომ ავიღოთ, სქემის ფარგლებში 20-ათასამდე შეფასების ჯგუფის წევრს ვუტარებთ გადამზადებას და ვუწევთ კონსულტირებას, რათა სქემის ფარგლებში ახალ მოვალეობებს ხარისხიანად გაართვან თავი. ასევე მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს, დაახლოებით 20 000 პედაგოგი და ყველა სკოლის დირექტორი გაივლის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ეტაპობრივ კურსს. შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებს გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ჩვენი ცენტრი. მაშტაბთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მაჩვენებლის შენარჩუნება. ამ მიმართულებით ცენტრში მუდმივად იხვეწება ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის მექანიზმები.
–თქვენი აზრით, რატომ ჰგონიათ ცენტრი ტრენინგ-პროვაიდერი და რას უპასუხებდით მათ, ვინც ასე ფიქრობს?
–ცენტრის ფუნქცია ტრენინგ პროვაიდერობა არ არის. ჩვენ ტრენინგს განვიხილავთ, როგორც პროფესიული განვითარების ერთ-ერთ და არა ერთადერთ საშუალებას.  ტრენინგი არის მიზნის მიღწევის ერთერთი საშუალება, რომელსაც ცენტრი აქტიურად იყენებს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებისას. ამიტომაც, ჩვენ მიერ განხორციელებული ტრენინგები მეტწილად გარკვეული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს.
საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენები გარკვეულწილად წინა წლებიდან მომდინარეობს, როდესაც დიდი აჟიოტაჟის თანხლებით ცენტრის მხრიდან მასშტაბური და მასობრივი ტრენინგები ტარდებოდა. ზოგიერთის წარმოდგენით ცენტრი რეპეტიტორობის ფუნქციასაც უნდა ითავსებდეს და ორიენტირებული უნდა იყოს პედაგოგთა გამოცდებისთვის მომზადებაზე. განვმარტავ, რომ ცენტრი უფლებამოსილია გაუღრმავოს და გააუმჯობესოს პედაგოგების საგნობრივი კომპეტენციები და პროფესიული უნარები, გააცნოს მათ ამ უნარების გამოყენების ინოვაციური მეთოდები. ცოდნის განვითარება და გაღრმავება მხოლოდ შესაბამისი წინაპირობის შემთხვევაშია შესაძლებელი.  ამისათვის აუცილებელია, პედაგოგს გააჩნდეს შესაბამისი აკადემიური ბაზისი, რომელსაც მას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უქმნის. ცენტრის ფუნქცია არ არის განახორციელოს უმაღლესი განათლების პროგრამები და შესაბამისად, ვერც ჩაანაცვლებს უმაღლეს სასწავლებელს. ხოლო ერთჯერადი, ან თუნდაც მრავალჯერადი სატრენინგო სესიებით წარმოუდგენელია საგნის აკადემიური ცოდნის ელემენტარულ დონეზე აკუმულირება. ცენტრი, აგრეთვე მონაწილეობს პედაგოგის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში, რაც მის ერთერთ ყველაზე ძირითად ფუნქციას წარმოადგენს.
–ასეთი მოსაზრების არსებობის ფონზე, მოსალოდნელია თუ არა დეცენტრალიზაცია და როგორია ცენტრის შემდგომი განვითარების ხედვა ცენტრის ხელმძღვანელობის მხრიდან?
–მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ცენტრი იწყებს სერვისების დეცენტრალიზაციის პროცესს. სხვადასხვა პროვაიდერ ორგანიზაციებს შეეძლებათ პედაგოგებს შესთავაზონ მათთვის საინტერესო პროფესიული განვითარების კურსები. აქ ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც სისტემას უკვე გააჩნია და წინა შეცდომების გათვალისწინებით რისკების მაქსიმალური მინიმიზაცია უზრუნველყოთ. ცენტრი იწყებს საგრანტო პროგრამების განვითარებას და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში მრავალ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას. ცენტრის მუშაობა დეცენტრალიზაციის კუთხით მომავალშიც გაგრძელდება და ძირითადი ყურადღება ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას დაეთმობა.
–განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს 7 ათასი პედაგოგი ელოდება. მათგან წელს მხოლოდ 4,5 ათასისთვის იქნება ტრენინგის გატარების საშუალება. ხომ არ დაწყებულა ეს ტრენინგები, ან როდიდან დაიწყება და როგორ მოხდება იმ პედაგოგების შერჩევა, ვინც უნდა ჩაერთოს ტრენინგში პირველ ეტაპზე?
–პედაგოგების ტრენინგზე რეგისტრაცია ელექტრონული წესით ხორციელდება. დაინტერესებული მასწავლებლები ცენტრის ვებგვერდზე ეცნობიან ინფორმაციას და გადიან რეგისტრაციას კონკრეტულ ტრენინგისთვის. ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ იგეგმება ტრენინგის ჩატარების კონკრეტული თარიღი.
–გეგმავს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალი პროგრამების განხორციელებას და რომელია ეს პროგრამები?
–ცენტრში იგეგმება სიახლეები, როგორც პროგრამების დამატების, ასევე მათი ოპერირების კუთხით. მიმდინარე წელს ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სიახლის ინიცირებისა და დანერგვის წლად. რაც შეეხება პროგრამებს, აპრობაციის რეჟიმში ჩვენ შევთავაზეთ ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს. აპრობაციამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენ ვიწყებთ ამ კურსის აქტიურ დანერგვას. ზოგადად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დისტანციური სწავლების მეთოდების ტექნიკურ და შინაარსობრივ უზრუნველყოფაზე. ცენტრის მიერ ბენეფიციარებისათვის შეთავაზებულ მომსახურების პაკეტებში მეტი და მეტი წილი ზუსტად დისტანციურ სწავლებას დაეთმობა.
–თქვენ მიერ დასახელებული საკითხების შესრულება შესაბამის სახსრებს მოითხოვს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემცირებამ ცენტრისთვის ხომ არ შეცვალა თქვენი რომელიმე გეგმა, ან გაუქმდა თუ არა რომელიმე პროგრამა?
ცენტრის საბიუჯეტო რესურსები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. შესაბამისად, ყველა ის პროექტი და აქტივობა, რომელიც გაწერილია წლიური სამოქმედო გეგმით, არ შეჩერებულა და ვაგრძელებთ მათ აქტიურ დანერგვას. მეტიც, გეგმაშია რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და საჭიროებისამებრ იქნება განხილული ცენტრისთვის დამატებითი რესურსებით უზრუნველყოფის საკითხიც. მომავალი წლიდან მოსალოდნელია ბიუჯეტის პერმანენტული ზრდა.
ცისანა არის© შერგილაშვილი
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment