ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი უნიკალური აპლიკაცია სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესს გაუმარტივებს და მათ ჩაბარებაშიც დაეხმარება. აპლიკაციას, სახელწოდებით – NAPP, დღეს ანალოგი არ გააჩნია. მისი მოპოვება App Store-ზეც შესაძლებელია. რაც შეეხება მის შემქმნელებს, დავით სოსელიას, ანდრო გვივრაძეს, გიგა ვაშაკიძეს, ნიკა მინაშვილს და ლუკა ლომთაძეს, ისინი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო“-ს სტუდენტები არიან, რომელიც საქართველოში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. აპლიკაციაზე და მისი მუშაობის სპეციფიკაზე „კიბერ კვირა“ ლუკა ლომთაძეს ესაუბრა.
– როგორ მუშაობს ახალი აპლიკაცია და რა შესაძლებლობებს აძლევს ის მომხმარებელს?
– აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ელექტრონულ რეჟიმში გაიაროს საქართველოს ეროვნული თუ საატესტატო გამოცდების შეკითხვების მსგავსი შეკითხვები. მისი მეშვეობით, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ, დახვეწონ მათი უნარები სხვადასხვა საგანში და მოემზადონ გამოცდებისთვის. აპლიკაცია უფრო ხელმისაწვდომს ხდის გამოცდისთვის მოსამზადებელ მასალას და შედეგად, ამარტივებს წინასაგამოცდო პერიოდს. NAPP ხელმისაწვდომია როგორც App Store-ზე ( https://itunes.apple.com/us/app/napp-naec-app/id1119730070?mt=8), ასევე Play Store-ზე (https://play.google.com/store/apps/details?id=com.phantom.Gapp.apps.napp&hl=en).
– რატომ გადაწყვიტეთ ამ შინაარსის აპლიკაციის შექმნა და იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი როგორც სმარტფონებიდან, ასევე სტაციონარული კომპიუტერიდან?
– მსგავსი შინაარსის აპლიკაციის შექმნის იდეა სან დიეგოს ერთ-ერთ სტუდენტს
გაუჩნდა. შედეგად, იმდროინდელმა პირველკურსელებმა შევკარით გუნდი და შევქმენით NAPP. ამჯერად აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ისა და Apple-ს მობილურ მოწყობილობებზე.
– აპლიკაციას საქართველოში ქმნიდით?
– დიახ, განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობდით. NAPP გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური აპლიკაციაა. მისი კითხვები მთლიანად მათ მიერაა შედგენილი და სტრუქტურაც ისეთია, როგორიც საჭიროდ ჩათვალეს. ამ ფაქტორების გამო, ვთვლი, რომ აპლიკაციას ანალოგი არ აქვს.
– აპლიკაცია ინტერნეტთან წვდომის დამყარების გარეშე მუშაობს?
– დიახ, ჩვენი ერთ-ერთი საწყისი მიზანი იყო, რომ მომხმარებლებს აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებოდათ.
– მხოლოდ ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი?
– ძირითადად, დიახ, მაგრამ არაქართულენოვან მოსწავლეებს უცხო ენის ტესტების გავლა შეუძლიათ.
– NAPP ყველა სასწავლო საგანს მოიცავს?
– თითქმის, ყველას
– აპლიკაციის ხარვეზებზე რას გვეტყვით?
– რადგანაც NAPP naec-ის ოფიციალური აპლიკაციაა, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, დავამატოთ კითხვები და ამ ეტაპზე აპლიკაციაში მხოლოდ ის კითხვებია, რაც ჩვენ მოგვაწოდეს. დროთა განმავლობაში, ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება.
– როგორ გესახებათ აპლიკაციისსამომავლო შესაძლებლობები?
– შარშან, ეროვნული გამოცდების დაწყებდე, 3 თვის განმავლობაში სისტემატურად ვმუშაობდით. გამოცდების შემდეგ მუშაობის პროცესი შეჩერდა. ახლა შეიძლება, ისევ განვაახლოთ მუშაობა და აპლიკაციას ახალი ფუნქციები დავუმატოთ, მაგალითად: სიახლის ნოტიფიკაციები, გრანტის მიახლოებითი კალკულატორი, ბექგრაუნდზე განახლებადი მონაცემთა ბაზა, უცხოენოვანი სტუდენტების სექციები და კიდევ უამრავი რამ. ყველაფერი დროზე და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
– გარდა NAPP-ისა, სხვა აპლიკაცია თუ შეგიქმნიათ, ან თუ ხართ ჩართულიმსგავსი სახის აქტივობებში?
– NAPP-ის შექმნის შემდეგ იმ სტუდენტებს, რომლებიც გუნდში ვიყავით, ერთად აღარ გვიმუშავია, მაგრამ მსგავსი სახის აქტივობებში მუდმივად ჩართული ვარ. ბოლო ერთი წლის მანძილზე მოვასწარი 9 სხვადასხვა წამყვან კომპანიაში თუ სტრუქტურაში მუშაობა და ამ მანძილზე არაერთი სასარგებლო სისტემა შევქმენი. გარდა ამისა, ხშირად ვმუშაობ პირად პროექტებზე.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
– ვსწავლობ კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე, მეორე კურსზე ვარ და რამდენიმე სამსახურში ერთად ვმუშაობ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაინც ვახერხებ პირად პროექტებზე მუშაობას.
– თქვენი შეფასებით, კომპიუტერული პროგრამირების სფეროში, დღესდღეობით, საქართველოში როგორი მდგომარეობაა და რა არის საჭირო არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად?
– ვთვლი, რომ წინა წლებთან შედარებით, საკმაო წინსვლა გვაქვს. ამის ყველაზე დიდ მაგალითად ჩემი უნივერსიტეტი მიმაჩნია, რომელიც ყოველ წარმატებაში მეხმარებოდა. თავიდან წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ოდესმე საქართველოში მოვახერხებდი ამერიკული დიპლომის აღებას, მაგრამ იმ პირველი ნაკადის წევრი ვარ, რომელიც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში მიიღო და ვთვლი, რომ არაერთი ჩვენი სტუდენტი ახდენს ან მოახდენს მნიშვნელოვან ცვლილებას ქართული პროგრამირების სფეროში.
ვფიქრობ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ისწავლოს ტექნიკური საგნები. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, ამ სფეროში განვითარების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან პროგრამისტებზე მოთხოვნა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც იზრდება.
kvira.ge
No comments:
Post a Comment