Tuesday, February 7, 2017

SDSU საქართველო - ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია


7 თებერვალს, 11:00 სთ., სასტუმრო „რუმსში“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს SDSU საქართველოს დეკანი, დოქტორი კენ უოლში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მედიას წარუდგენს.

პრეზენტაციას დაესწრებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი ჯენერ ედელმანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და „ანაკლია დეველოპმენტის“ ვიცე-პრეზიდენტი პოლ ფორსი. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებიდან. პროგრამები არის საერთაშორისოდ აკრედიტებული და სტუდენტები იღებენ ამერიკულ დიპლომს.

ახალ პროგრამებთან ერთად, 2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში - 35,000 სტუდენტით და 120-მილიონდოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოში STEM დარგების პროფესიონალთა ახალი თაობის აღზრდა და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში წვლილის შეტანა.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
ელენე ალადაშვილი
ტელ.: 577974004
ელ.ფოსტა: ealadashvili@mail.sdsu.edu

 სოფიო ჭაავა
ტელ.: 577042288
ელ.ფოსტა: schaava@mail.sdsu.edu

No comments:

Post a Comment