Monday, May 14, 2018

შს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა და მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყებას დაჰპირდა

შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო, გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეუერთდა. მის გამოჩენას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ და მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
„ბოდიში. მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ შსს-ს იმ წარმომადგენლების სახელითაც, თუ რომელიმე მათგანმა თქვენ რისკი შეგიქმნათ.
ასევე, გთხოვთ, ბოდიში მოვუხადოთ ფორმაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაც იცავდნენ და თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ.
ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ყველა პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე.
ახლა, იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი რთული ამოცანებიდან, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, რომ ხვალ დილით 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ პარასკევს მომხდარი ამბის ყოველ წუთს და ყველა ადამიანს, რომლის უფლებაც დაირღვა, უფლებები აღუდგება.
ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ შევიკრიბოთ და ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას.
მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და თანამოქალაქეების უსაფრთხოება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სხვა ამოცანა იქნება უმნიშვნელო, რადგან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ორიენტაციას, რელიგიურ კუთვნილებას და ა.შ.
მინდა მივმართო ყველა თანამოქალაქეს, ვინც აქ არის შეკრებილი. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლების მიღწევები და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც დაგვაკარგინებს დროს. დავემორჩილოთ ამ წუთიდან პოლიციის მითითებებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment