Thursday, May 3, 2018

მთავრობა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უწყებას ქმნის


სახელმწიფო ქმნის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 
"იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი -პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. 2013 წელს, როდესაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, ჩვენმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა სულ პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა. ამ ინიციატივით მნიშვნელოვნად გაადვილდება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან პენსიონერებმა გარკვეული სახის მედიკამენტები, მათ შორის წნევის მარეგულირებელი წამლები, შესაძლოა მინიმალურ ფასად შეიძინონ. მოლაპარაკებებს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების მწარმოებელ ქართულ და უცხოურ კომპანიებთან უკვე აწარმოებს. იგეგმება 23 სახეობის მედიკამენტის რაოდენობის 50-მდე გაზრდაც. 
2017 წლის 1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment