Wednesday, May 2, 2018

IAEA: სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ბირთვულ იარაღზე, არ გვინახავს

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, მას არ მოეპოვება სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ატომური "ასაფეთქებელი მოწყობილობის" შექმნაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
სააგენტო აცხადებს, რომ ის ამ საკითხს დახურულად მიიჩნევს 2015 წლის დეკემბერში ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2015 წლის ანგარიში ამბობდა, რომ სააგენტოს არ აქვს სანდო მტკიცებულება ირანში 2009 წლიდან მიმდინარე ქმედებებისა, რომლებიც ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის შესაბამისი იქნებოდა.
1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო ამბობს, რომ მისივე სტანდარტული პრაქტიკის თანახმად, სააგენტო აფასებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რაც კი მოეპოვება, "თუმცა, სააგენტოს პრაქტიკაში არ შედის ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დისკუსიები".
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება მოჰყვა ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას, რომელშიც მან თქვა, რომ ისრაელს მოეპოვება ახალი მტკიცებულება ირანში ბირთვული იარაღის გეგმაზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში. ირანმა კი ისრაელის პრემიერმინისტრი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment