ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული სისხლის სამართლის ნარკოტიკული დანაშაულის რაოდენობამ 34%-ით იკლო.
ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 7,312 შემთხვევიდან სისხლის სამართლის ნარკოტიკული დანაშაული 2017 წელს 4,762-მდე შემცირდა. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ დანაშაულთა 92-93% გაიხსნა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2013-2017 წლებში, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა ან მოხმარების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა სამჯერ შემცირდა: 2013 წლის 12,274 შემთხვევიდან 2017 წლის (პირველი 10 თვე) 3,416-მდე.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლების ანალიზით, თუ დავუშვებთ იმას, რომ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებული 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მაშინ მივიღებთ, რომ 2013-2017 წლებში ასეთი ჯარიმების ოდენობამ 17,816,000 ლარი შეადგინა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment