Saturday, June 2, 2018

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს


პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, ხორავას ქუჩის ტრაგედიასტან და მასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით, უჩვეულოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს ჩემი პირადი გვერდია და მინდა ღიად დავწერო ჩემი გულწრფელი ემოცია:
ხშირად ვერიდები ამ ემოციების გამოხატვას ! რადგან ვიცი საჯარო პირს მეტი თმენის ვალდებულება მაქვს. ეს ვიცი შეხსენების გარეშე! პასუხისმგებლობის ხარისხიც იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე აუცილებელია - ამ პოზიციისთვის. ამ ყველაფრის გააზრებით ვწერ ამას ღიად: 
სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სამართლიანობა ვერ მიიღწევა ფლიდობით და ვერაგობით. არ შეიძლება ბოროტება მართავდეს სამართლიანობის იდეას.
ამ დღეებში ბევრი რამ გამოჩდა...  არ დავიღლები და იმდენჯერ ვიტყვი რამდენჯერაც შემეძლება, რომ სოლიდარული ვარ და მტკივა რაც ტკივათ შვილმკვდარ მშობლებს!!! უბრალოდ შეუძლებელია არ გესმოდეს მათი, თუ ადამიანი ხარ და არა ბოროტება!
ვხედავ ამ რეალობის მიზეზებს და ემოციის და პრობლემის ფესვებსაც... 
ვხედავ რა მაშტაბის აგრესიაა საზოგადოებაში, პატარებშიც.
როგორი ტრაგედია დატრიალდა ბავშვებში და როგორ ზუსტად თქვა ლევან დადუნაშვილის დედამ, რომ ეს ყველას ტრაგედიაა.....განზოგადოებული კრებსითი ტკივილია....
მეც და ბევრი ვინც იქ არ ვდგავართ ფიზიკურად რუსთაველზე - ეს არ ნიშნავს სხვა მხარეს დგომას შვილმკვდარი მშობლებისგან! ჩვენ ვერ ვიდგებით სხვადასხვა მხარეს. უბრალოდ ვერ ვიდგებით!
მეც და ხელისუფლებაში მყოფ პირებსაც, ვინც როგორც წესი არ უყვარს მოქალაქეს-სხვა ვალდებულება გვაკისრია. ნაკლები ემოცია და მეტი მოქმედება! 
ამ ვალდებულებით დატვირთულს მიწევს ბევრი ისეთი რამის თმენა რაც უბრალოდ ვერ წარმომედგინა.
პასუხისმგებლობის გადანაწილება გვიწევს. ამ გადანაწილებაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც იცის რაიმე ამ მკველობების შესახებ და დღემდე დუმს! არ შეიძლება ეს დუმილი!
ილაპარაკეთ რაც იცით და დაე ყველაფერი იყოს ღია და ნათელი!!!
ჩვენ ხელს არ დავაფარებთ დამნაშავეს ! არავინ დადგება სიმართლეზე მაღლა! არავითარი ინტერესი არ არსებობს, რომელიც სიმართლის დადგენის მიზანს გადაძალავს!!!
ეს სიმართლე არ აინტერესებს არც გვარამიას და არც ნაციონალურ მოძრაობის იმ პირებს, ვინც ამ ტრაგედიას იყენებს რევანშისთვის და საკუთარი პირადი მიზნებისთვის. ეს აშკარად და დაუფარავად ჩანს. მე არ მჯერა რომ მათ ზაზა სარალიძე ან დადუნაშვილის ტკივილი ტკივათ, რადგან მათ ასეთი ტრაგედია საკუთარი ხელებით და საკუთარი ძალაუფლებისთვის ასეულობით აქვთ ჩადენილი...“ - წერს ბესელია.
ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიისას ერთ-ერთი გარდაცვლილის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობასთან უკვე მესამე დღეა იმართება. დღეს ის 18:00 საათიდან განახლდება.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment