Tuesday, January 14, 2014

გამოცდები 2014 - რა სიახლეებისთვის უნდა მოემზადონ აბიტურიენტები

გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს წელს მეათედ ატარებს. მაია მიმინოშვილის უწყებამ წინა წლების მსგავსად, წელსაც შეიტანა ცვლილებები საგამოცდო პროცესში. რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს საიუბილეო წელს - ამაზე Aris.ge-განათლებას ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ესაუბრა.

"2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. ეს სრულიად ლოგიკურია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა. უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს ისეთი პროგრამები, რომლებზეც გეოგრაფიისა და ისტორიის ნაცვლად ხელოვნებათმცოდნეობის გამოცდის ჩაბარება ბევრად უფრო ლოგიკურია" - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილება 2014 წლის ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში განხორციელდება. წერისა და კითხვის გარდა აბიტურიენტების უნარები მოსმენის, ე.წ Listening-ის ნაწილშიც შემოწმდება. აღნიშნულმა სიახლემ აბიტურიენტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ის რომ გამოცდა "ლისენინგშიც" უნდა ჩავაბარო ნამდვილად არ მახარებს. მე ინგლისურს ქართულენოვანი პედაგოგი მასწავლის მას ვუსმენ, ყური მის მეტყველებაზე მაქვს შეჩვეული. გამოცდის ტესტში კი მომიწევს ინგლისურენოვანის საუბრის მოსმენა და გაშიფვრა. რაც შეეხება უცხოენოვან პედაგოგებს, რომლებიც ქართულ სკოლებში ასწავლიან, ისინი ყველა კლასში არ შედიან. მათი მოსმენის შესაძლებლობაც შესაბამისად ყველა მოსწავლეს არ აქვს. ასე რომ ამ სიახლეს არ მივესალმები" - განუცხადა Aris.ge- განათლებას ახალციხის პირველი საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლე თაკო გოგოლაურმა.


თუმცა განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით "მოსმენის" ნაწილი წლევანდელ ტესტებში ძალიან მცირე დოზით შევა და 100 ქულიანი ტესტიდან ამ დავალებისთვის სულ რვა ქულა გადანაწილდება.

"ინგლისურ ენაში ოთხი თანაბარწონიანი კომპეტენციაა. ჩვენ აქამდე მხოლოდ ორის ცოდნას ვამოწმებდით: წერას და კითხვას. მოსმენა წელს პირველად შეგვყავს. ეს მომენტი ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დამდგარიყო. თუმცა სიახლეს მოუმზადებლად არ ვნერგავთ. აპრობაცია და პილოტირება რეგიონის სკოლებში უკვე ჩავატარეთ. შედეგებმა გვანახა, რომ მოსწავლეებს ტესტები არ გაუჭირდებათ. 100 ქულიდან მხოლოდ 8 ქულა ეთმობა მოსმენის ნაწილს. გაიზრდება საგამოცდო დროც, თან იმაზე მეტით ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო. წელსაც როგორც წინა წლებშიც ინგლისურ ენაში გადასალახი ბარიერი კვლავ ყველაზე დაბალია და 20%-ს შეადგენს" - განაცხადა მაია მიმინოშვილმა და იქვე დასძინა, რომ მომავალი წლიდან Listening-ის დავალება გართულდება. მოსწავლეებს კი გამოცდის ჩაბარება უკვე საუბარშიც მოუწევთ.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წლევანდელი გამოცდებისთვის ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტიც შეიმუშავა. პროექტის მიხედვით იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვარის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.

"როდესაც გამოიყენება ტესტის რამდენიმე ვარიანტი, შესაძლოა ერთი ვარიანტი უფრო რთული აღმოჩდნეს ვიდრე რომელიმე სხვა. ამიტომ უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება ქულების გაიგივება. თუ მოსწავლემ რომელსაც შეხვდა რთული ვარიანტი და გამოცდაში 24 ქულაზე ერთი-ოი ქულით ნაკლები აიღო მას ექნება შესაძლებლობა განაგრძოს კონკურსში მონაწილეობა" - განმარტავს Aris.ge განათლებასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელი.


კიდევ ერთი ცვლილება - ეს ტესტების სავარაუდო პასუხებში მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებაა. 

"ჯერ მიჭირს იმის თქმა გაართულებს თუ არა საგამოცდო პროცესს მეხუთე სავარაუდო პასუხი. საინტერესოა: ეს კითხვა მიახლოებული იქნება სწორ პასუხთან თუ სწორი პასუხი მკვეთრად გამოკვეთილი იქნება. ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ 4 კითხვიდან როდესაც სწორ პასუხის ირჩევ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შენ სწორი პასუხი იცი" - განმარტავს 202 საშუალო სკოლის მოსწავლე ელენე დოლიძე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აღნიშნულ ცვლილებას შემდეგნაირად განმარტავენ:

"ზოგადი უნარების ტესტის გადასალახი ბარიერი და კითხვაზე პასუხის ბრმად გაცემის შესაძლებლობა ორივე 25%. ამ ცვლილებით გვინდა შემთხვევითობა შევამციროთ. ანუ მინიმალურამდე დავიყვანოთ იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტი ისეთი პირი გახდეს, რომელმაც კითხვას სწორად ბრმად უპასუხა" - განმარტავს მიმინოშვილი. მისივე ინფორმაციით წინა წლებშიც იყო პრეცედენტი, როდესაც ერთ კითხვას ხუთი სავარაუდო პასუხი ჰქონდა.

გარდა ამისა, წელს 3 ქულით გაიზარდა ზოგადი უნარების საგამოცდო ბარიერიც.

"მე მაღალი ქულის მიღებაზე ვარ ორიენტირებული. ასე რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მინიმალური ზღვარი 20 იქნება თუ 20-ზე ორით მეტი. თუმცა, რაღაც მომენტში მაკმაყოფილებს ზღვარის აწევა, რადგან ადრე დაბალი იყო და ნებისმიერს შეეძლო უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა" - განუცხადა Aris.ge-განათლებას ზესტაფონის მეხუთე საშუალო სკოლის მოსწავლემ ლევან პაპიძემ.

საგამოცდო ნაწილში წელს სხვა სიახლეები არ იგეგმება. თუმცა, ცვლილებები განხორციელდება ლოჯისტიკის კუთხით. ინგლისურ ენაში ჩასაბარებელი მოსმენის დავალებისათვის სპეციალური აპარატურაა საჭირო. შესაბამისად გამოცდები სპორტულ დარბაზებსა და დერეფნებში ვეღარ ჩატარდება. აქედან გამომდინარე, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ახალი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

Aris.ge

No comments:

Post a Comment