Monday, January 13, 2014

ზოგადი უნარების ზოგიერთ დავალებას, შესაძლოა, მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატოს


ზოგადი უნარების ზოგიერთ დავალებას, შესაძლოა, მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატოს
ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას შესაძლოა, მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სიახლე აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობის შემცირებით არის განპირობებული.
ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეხუთე სავარაუდო პასუხი, შესაძლოა, ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს. წინადადების შევსებასა და წაკითხული ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებულ დავალებებს კი სავარაუდო პასუხები არ დაემატება.
"ეს არ იყო აქტუალური მაშინ, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში კონკურსი იყო. ახლა ბევრ უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი ადგილი რჩება, სტუდენტი შეიძლება გახდეს აბიტურიენტი, რომელსაც ტესტი არც კი წაუკითხავს და პასუხები ბრმად შემოხაზა. მეხუთე პასუხი დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის, ვინც ბრმად ხაზავს პასუხებს და დავალებებს არც კი კითხულობს. რეალურად უსამართლოა ასეთი ადამიანები კონკურსში დარჩნენ, რადგან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, შემთხვევით პასუხების შემოხაზვით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ", - აღნიშნა სოფო დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, საცდელი ტესტირება ჩატარდა, რომლის ანალიზი ჯერ დასრულებული არ არის. მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებასთან დაკავშირებით დეტალებზე საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ipn.ge

No comments:

Post a Comment