Saturday, January 11, 2014

როგორ დავიმორჩილოთ რთული კლასი

ბავშვები კლასში ყირაზე გადადიან, რა გავაკეთო?

რამდენიმე დღის წინ ჩვენთან წერილი შემოვიდა მასწავლებლისგან და გვთხოვდა, მოგვეძია რაიმე მეთოდი დაუმორჩილებელი, რთული კლასისთვის. რა თქმა უნდა, კლასის ქცევის მენეჯმენტისთვის ერთგვაროვანი აზრი და აქსიომა არ არსებობს, რომელსაც გავყვებით და ყველაფერი წესრიგში იქნება. ამიტომაც, გაგიზიარებთ სხვა მასწავლებლის აზრს ამის შესახებ.
„ჩემი ცხოვრების 20-იან წლებში, როდესაც სკოლაში სწავლება დავიწყე, ყველაზე დიდი პირადი გამოწვევა მოხდა. ვიყავი თავდაჯერებული მანამ, სანამ სწავლებას დავიწყებდი და სანამ აღმოვაჩენდი ჩემს თავს ახალბედა მასწავლებლის როლში. ვცახცახებდი, ენა მებმოდა და ძალიან მიჭირდა მოსწავლეები დამეყოლიებინა, რომ ჩემთვის მოესმინათ. ეს გაგრძელდა 2-3 წლის განმავლობაში: რეგულარულად ვყვიროდი, ვკარგავდი ტემპერამენტს და ვიქცეოდი ცუდად(მაგალითად წიგნს გადავაგდებდი კიბეზე და მოსწავლეს ბოლო ხმაზე ვუბრძანდებდი, აღარასოდეს ვენახე). შემდეგ გავიზარდე, სწავლების სტილიც დავხვეწე, ვისწავლე ემოციების კონტროლი და კლასში სათანადოდ მოქცევა. მაგრამ ეს არ იყო მარტივი.
შემიძლია გამოვყო რამდენიმე ასპექტი, რაც დამეხმარა გადამელახა ეს ეტაპი:

1.  შავი წერტილი თეთრ კვადრატში

შავი წერტილი თეთრ კვადრატში
რას აქცევთ მეტ ყურადღებას?
ხშირად აუცილებელია, რომ კლასის ან მოსწავლეების ქცევას ფართო პერსპექტივაში შევხედოთ. ბილ როჯერსის მოდელის მიხედვით, შავი წერტილი ნიშნავს ნეგატიურ ინდივიდუალურ ან კლასის ქცევას, ხოლო თეთრი კვადრატი უმრავლესობის კარგ ქცევას, ან თითოეული ბავშვის ნორმალურ ქცევას ასახავს. შავ წერტილზე კონცენტრირებით ხშირად გვავიწყდება თეთრი კვადრატი და ვამბობთ, რომ
  • საშინელი კლასია;
  • ჯგუფი არასოდეს მუშაობს ერთად;
  • ბავშვები ცუდად იქცევიან;
  • ყველა ხმაურობს.
ეს ძალიან დამეხმარა გამეაზრებინა, რომ სწორედ მე ვიყავი ის, ვინც გვიან მოსულებსა და ხმაურიან ბავშვებზე აკეთებდა კონცენტრირებას. ეს მეთოდი საშინაო დავალებებისთვისაც სასარგებლოა: ფოკუსირება მოახდინეთ იმ დავალებებზე, რაც მოიტანეს და არა იმაზე, რაც ვერ მოიტანეს.

2. პოზიტიური საუბარი

ერთი შეხედვით უბრალოა, მაგრამ ძალიან დიდი ეფექტი აქვს პოზიტიურ საუბარს. „გაჩუმდით!“-ს მაგივრად თუ ვიტყვით: „გთხოვთ, ყველამ მომისმინოთ!“, ან კიდევ იმის მაგივრად, რომ ვთქვათ: „გეყოფა ტრიალი და სხვა ბავშვების შეწუხება“ თუ ვიტყვით: „გთხოვ, ჩემსკენ გამოიხედე და შეასრულე დავალება…. გმადლობ!“ გაგიკვირდებათ და უფრო მოქმედებს.
მასწავლებელი საკლასო ოთახში
პოზიტიური საუბარი ხშირად ძალიან ეფექტურია

3. არჩევანის საშუალება

  • დავით, ან შენთვის, ჩუმად იმუშავე დავალებაზე, ან ჩემთან დაჯექი;
  • შეგიძლია დირექტორთან შეხვიდე, გვერდზე ოთახში, ან ანდრიასთან ერთად იმუშავო;
  • გიორგი, ან ისე გააკეთებ სამუშაოს, როგორც გთხოვე, ან კლასის მერე დარჩები;
  • როცა აალაგებთ თქვენს მაგიდებს, მაშინ შეგიძლიათ გადაჯდეთ სადაც გსურთ.
ეს გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე „გააკეთე ისე, როგორც გითხარი“ ტიპის ბრძანებები.

4. არაპირდაპირი მოქმედება

ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები კლასის მენეჯმენტის სხვა ფორმებია, რომელიც არ უშლის ხელს გაკვეთილის მიმდინარეობას.
გამოხედვა - გასაოცარია, რა კარგად მოქმედებს მკაცრი გამოხედვა! როგორც ჩანს, ეს მეთოდი კარგად მაქვს ათვისებული, რადგან ჩემი მეუღლე მახსენებს ხოლმე: „მე არ ვარ შენი მოსწავლე, ნუ მიყურებ მასწავლებლის თვალებით.“ ეს სტრატეგია გამოიხატება იმაში, რომ მასწავლებელი ურჩ მოსწავლეს შეხედავს მკაცრი იერით და ამით აგრძნობინებს, რომ იგი სწორედ არ იქცევა. როდესაც მე ვიყენებ ამ მეთოდს, მცირე პაუზასაც ვაკეთებ ხოლმე, რომ სასურველი ეფექტი მოვახდინო. როდესაც წინადადებას ვწყვეტ შუაზე, ეს არავის რჩება ყურადღების გარეთ. ეს საუკეთესო პირველადი საშუალებაა, როდესაც მოსწავლე კლასში ცუდად იქცევა. ასევე, ეს მეთოდი სხვა მოსწავლეებზეც მოქმედებს, რომ არ აყვნენ იმ ერთ შავ წერტილს.
მასწავლებელი საკლასო ოთახში
სხვადასხვა ჟესტიკულაციით შესაძლებელია მოსწავლეების ყურადღების თქვენსკენ მოპყრობა
მიახლოება და შეხება – მასწავლებელი მიდის და დგება ურჩი მოსწავლის გვერდზე. დავაკვირდი, რომ თუ მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაფის წინ ვდგავარ და არ ვმოძრაობ ბევრს, მოსწავლეები მალე იწყებენ ურჩობას. ასევე შევნიშნე, თუ რა კარგად მოქმედებს მსუბუქი შეხება ურჩი მოსწავლის მხარზე. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს პირდაპირ, პერსონალურად გაიგოს მასწავლებლის დამოკიდებულება მის ქცევებზე. თუმცა, შეხების მეთოდი ცოტა ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოსწავლეებს არ მოსწონთ პირადი სივრცის დარღვევა.
სიგნალები – წლების განმავლობაში ვიყენებ სხვადასხვა სახის სიგნალებს, რომ მოსწავლეების ყურადღება მოვიპოვო. ალბათ, ყველაზე ეფექტურია ხელების მაღლა აწევა, ტაში სხვადასხვა ტემპში და მოსწავლეების მიერ მათი გამეორება. მნიშვნელოვანია, რომ საუბარს არ ვიწყებ მანამ, სანამ ყველას ყურადღება ჩემსკენ არაა მომართული.

5. ქცევის წესები

სასწავლო წლის ან სემესტრის დასაწყისში მოსწავლეების მიერ თავიანთი ხელით დაწერილი ქცევის წესები საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. მოსწავლეებს ეხალისებათ თავად შექმნან წესები, ასევე ერთმანეთს მოუწოდონ მისი შესრულებისკენ. ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ ოფიციალური კონტრაქტი თქვენს, სკოლას, მოსწავლესა და მის მშობელს შორის. კონტრაქტისთვის მიმართვა ბოლო გამოსავალი იქნება, როდესაც სხვა არანაირი მეთოდი არ მოქმედებს.”
 რაც მთავარია დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვების ქცევის მენეჯმენტი მარტივი საქმე არაა და გამოცდილებასთან ერთად უკეთ დახვეწთ.
 წყარო: headguruteacher
გქონიათ გამოცდილება რთული კლასის დასამორჩილებლად? რა მეთოდებს მიმართავთ?

კომენტარები


No comments:

Post a Comment