Tuesday, February 20, 2018

ბათუმის მერია მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმ მრევლთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

ბათუმის მერი მზად არის, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე,  მუსლიმ მრევლთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ინფორმაციას.
ლაშა კომახიძის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან, ამ დრომდე ოფიციალური შეხვედრა და მოლაპარაკებები არ ყოფილა. მერს იმედი აქვს, რომ პროცესების დასრულების შემდეგ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.
"სასამართლო პროცესი ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ  ახალი თვითმმართველობის პირობებში დაგვხვდა. დაწყებული გვაქვს დიალოგი.  სასამართლოს მივმართეთ, რომ გარკვეული პერიოდი აგვეღო. საჭიროა მხარეები ერთმანეთს უშუალოდ დაველაპარაკოთ. ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. დიალოგი კონკრეტულ შედეგს მოიტანს  და ყველა მხარე კმაყოფილი იქნება", - ამბობს ბათუმის მერი.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე, პირველი სხდომა ჩატარდა. ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს  სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართა.
ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. გარდა ამისა ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დადგენასაც მოითხოვენ.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment