ვინ შეცვლის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ოფიციალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მას შემდეგ რაც, კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 13 ივნისის საღამოს გააკეთა, ავტომატურად უფლებამოსილება შეუწყდა ყველა მინისტრს და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
კულუარებში მის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ რამდენიმე კანდიდატურას, უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებს - მაია ცქიტიშვილს, მამუკა ბახტაძეს და გიორგი გახარიას. ყველაზე მაღალ ფსონებს კი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დებენ, მათ შორის პოლიტოლოგებიც და ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტებიც აქვთ.
კულუარული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას აღარ გააგრძელებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (რომლის გადადგომის მოთხოვნით ბოლო პერიოდში აქციაც გაიმართა), ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ჯანელიძემ ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა კიდეც: "მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იმ კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ წულუკიანს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეცვლის, რასაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა: "რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ", - დაწერა ჩუგოშვილმა.
ambebi.ge


No comments:
Post a Comment