Friday, February 16, 2018

ია მეტრეველი ზურაბ ბაქრაძეზე - არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს არ მივუტევო, რადგან მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება

არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე ტელეფონის საშუალებით გადაცემას ჩაერთო. ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ია მეტრეველისთვის სურდა მიეწერა, მაგრამ ვერ გაბედა. 

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ტელევიზიას, რომ ამ ადამიანს მიეცით საშუალება, ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხადა ამ დაუმთავრებელი პროცესებისთვის. რაც შეეხება ამ პიროვნების აღიარებას, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს, ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. თუმცა მინდა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. სხვებისგან, თუნდაც ბაშალეიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა შანსი ბოლომდე ეთქვა ყველაფერი, რაც მოხდა და ამით ცოდვილი სული ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა, ბაქრაძემ მოყვა ყველაფერი. მან ისე მოჰყვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მას ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება. ქრისტიანი ადამიანი ვარ და ძალიან მიმტევებელიც, პიროვნულად. ჩემგან მან იცოდეს, რომ მას ეს ცოდვა მივუტევე, თუმცა, ყველაფრის გამგებელი უფალია. უფალი ვის რას მიუტევებს, ეს მე არ ვიცი. ამ ადამიანის უფრო იმიტომ მჯერა, რომ მართლაც პირველი არ იყო, რაც მან დღეს ისაუბრა. თუ არ ვცდები 2013 წელს, როდესაც დონაძესა და მიქაძეს სურდათ ყველაფერი ბაქრაძისთვის გადაებრალებინათ, მან გააკეთა „სკაიპით“ ჩართვა, რაც პროკურატურაშიც დევს, „იუთუბზეც“ იდო, მაშინაც ამბობდა ეს ადამიანი სიმართლეს. თუმცა, მაშინ ასე ბოლომდე და თავის თავზე აღიარება არ უთქვამს. მან ისიც თქვა, მზად ვარ სიმართლე ვთქვა და ფარდა ავხადო ყველაფერსო“, - განაცხადა ია მეტრეველმა. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს და მან შემთხვევის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა.
ipn,ge

No comments:

Post a Comment