Friday, February 2, 2018

ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში შეცვლილ ისტორიას ისწავლიან, სადაც – რუსეთი „კარგია“, საქართველო –„ცუდი“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ისტორიის ახალი სახელმძღვანელოებში შეტანილი ცვლილებები, ძირითადად, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის პერიოდს შეეხება. როგორც EDU.ARIS.GE-სთან, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, წიგნი რუსულენოვანი იქნება და სავარაუდოდ, მე-8 და მე-9 კლასებში შევა.
სააგენტო „რესი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობა სრულდება და ის ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლაში დარიგდება.
„სახელმძღვანელო უძველესი დროიდან 2008 წლის ჩათვლით რეგიონის ისტორიას მოიცავს და მის შექმნაზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის მურატ ჯიოევი, ირინა გაგლოევი და კონსტანტინე პუხაევი“, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციაში არსებული განათლების განყოფილების უფროსი სოსო ცოტნიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეისათვის რეგიონში დაახლოებით 55 სკოლა ფუნქციონირებს და მათი უმეტესობა რუსულენოვანია, თუმცა ახალგორის ტერიტორიაზე არის ქართულენოვანი სკოლებიც. ისტორიის ახალი სახელმძღვანელოც, სავარაუდოდ, სწორედ იმ სკოლებში შევა, სადაც მოსწავლეებს რუსულად ასწავლიან.
“შინაარსობრივად რა ტიპის ცვლილებები შევა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით. თუმცა სავარაუდოდ, აქ აისახება საკითხები, რომელიც ბოლო დროს განვითარდა. ვგულისხმობ, 1990 წლის შემდგომ პერიოდს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტრიების „დამოუკიდებლად“ გამოცხადებას, 90-იან წლებში ეთნიკური კონფლიქტს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ჩემი ვარაუდით, ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში შეტანილი ცვლილებებისწორედ ამ საკითხებს შეეხება.
„ამ ყველაფრის იდეოლოგიური საფუძველი კი ის არის, რომ ახალ თაობას შთააგონონ: – საქართველო, ევროპა, ამერიკა ცუდია, რუსეთი კარგია. ვფიქრობ, ეს არის ამ ყველაფრის პოლიტიკური შინაარსი.
„არ ვიცით, რომელ კლასში იგეგმება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შეტანა, თუმცა მათ აქვთ საგანი „ოსეთის ისტორია“, რომელიც მე-8, მე-9 კლასში ისწავლება და სავარაუდოდ, ეს საგანიც ამ კლასებში შევა.
„აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლეოებით 52 საჯარო და 3 კერძო სკოლაა. ამასთან, ახალგორის ქართულ სკოლებში მაღალ კლასებში სწავლა  ისევ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ სახელმძღვანელოს არ შეიტანენ, ვინაიდან ის რუსულ ენაზეა“, – განაცხადა სოსო ცოტნიაშვილმა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრისანაკოევი აცხადებს, რომ ყველაფერი რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება უკანონოა, მათ შორის ახალი სახელმძღვანელოს შეტანა.
„ცხინვალის ე.წ. განათლების სამსახურმა განიხილა ის პროგრამა, რომლითაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ ახალგორში. წიგნის შეცვლის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენ ვასწავლით იქ აკრძალულია.
„ისტორიას არავინ ცვლის, თუმცა შესაძლოა თავისი ე.წ. წიგნი შესთავაზონ  მოსწავლეებს, რომელიც არავის მიერ იქნება აღიარებული და ღირებული.
„ყველაფერი რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება ჩვენთვის უკანონოა, მათ შორის ახალი სახელმძღვანელოს შეტანაც, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არ არის აღიარებული“, – აცხადებს სანაკოევი.
EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას მომავალი თაობის ცნობიერაბზე და შემდგომ ჩვენთან ურთიერთობაზე ისტორიული ფაქტების დამახინჯებით მიწოდება, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დიახ.
„ვინც ცხინვალში კონფლიქტის შემდგომ არის დაბადებული და საქრთველოსთან, ქართულ კულტურასთან არ ჰქონია შეხება, ის თვლის, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაშია დაბადებული, თუმცა ასე ხომ არ არის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმოქმედებს მომავალ თაობაზე და ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებს“, – გვპასუხობს დიმიტრი სანაკოევი.


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-ს აფხაზეთის ავტონომიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაიაც ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფრი რუსეთის მხრიდან იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალი თაობის იდეოლოგიის შეცვლას ემსახურება.
„ცხინვალში ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შეტანა, ახალი ინფორმაცია არ არის. ეს არის გეგმის ნაწილი, რომელიც აფხაზეთშიც იყო გახმაურებული. საუბარი იყო, რომ შექმნილიყო ორივე სეპარატისტულ რეგიონში – აფახეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ე.წ. სახელმწიფო კომისია, რომელმაც მათი გაგებით  „ისტორიული ფაქტები უნდა დაალაგოს“ და დაიწყეს კიდეც ისტორიის შეცვლა.
„მაგალითად, აფხაზეთში ისტორიის წიგნებში წერია, რომ აფხაზეთის დედაქალაქი ქუთაისია. აქედან გამომდინარე არაერთი ფაქტის უგულებელყოფა და შეცვლა ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილებებში შეტანილია უახლესი ისტორიის თემები, რომელიც ე.წ. 90-იანი წლებიდან ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხს ეხება.
„აფხაზეთში უფრო ადრე დაიწყო ეს თემა, ცხინვალში ახლა, თუმცა ეს არის ერთი სისტემის ნაწილი – ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს“, – აცხადებს პაატა დავითაია.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე პრაქტიკულად უმოქმედოა საქართველოს ხელისუფლება. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ  ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მომავალ თაობას ვკარგავთ.
„აღსანიშნავია, ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ. ერთი წუთით რომ წარმოვიდგონოთ ის, რომ 90-იანი წლების საქართველოს მთავრობას, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში, მუშაობა დაეწყო მომავალ თაობასთან, მაგალითად თავის დროზე საბავშვო ბაღის ბავშვებზე, რომ დაგვეხარჯა თანხები, დღეს უკვე გაცილებით წინ ვიქნებოდით. ეს არის სტრატეგია, რაც საქართველოს მთავრობას არც ერთი ხელისუფლების პერიოდში არ ჰქონია. ხოლო მეორე მხრიდან ხდება იდეოლოგიური და სისტემური მიდგომა და ამის შედეგებს ჩვენ ახლა ვიმკით.
„ასეთი ცვლილებები ჩვენთვის სახიფათოა, ვინაიდან ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ბავშვები, რომლებიც გაიზრდებიან ისწავლიან იმ ისტორიას, რომელსაც მათ მიაწოდებენ. ამით ჩვენ ვკარგავთ თაობებს, იმ თაობებს, რომლებიც ახლა ბაღებში და სკოლებში არიან“, – ამბობს პაატა დავითაია.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment