Friday, February 16, 2018

ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არა 50 მილიონი, არამედ 39 მილიონია


საუბრობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი აქვს, ეს მითიური ციფრია.  სინამდვილეში 2017 წელს მაუწყებელი 39 მილიონს ხარჯავდა, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ 50 მილიონი. იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? ეს მნიშვნელოვანი საკითხია. 10-11 მილიონიან სხვაობაზეა ლაპარაკი. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონსო, სინამდვილეში მაუწყებელი 2017 წელს ხარჯავდა 39 მილიონს. ეს 50 მილიონი არის მითიური ციფრი”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. იმიტომ კი არა, რომ ვინმე კარგია, არამედ იმიტომ, რომ კანონით ასეა დადგენილი. თითოეული ლარი და თეთრი არის არა მარტო გაკონტროლებული, არამედ ღიად არის სამსჯავროზე გამოტანილი და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, რომ რაიმე დაიმალა. აქ წამოსვლამდეც კი, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაც არის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მივაწოდე ინფორმაცია, მათ შორის ჩემი ანაზღაურების შესახებ”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
კამათის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანაციების შეხვედრა. ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი სიცრუეში დაადანაშაულა, მაშინ როცა ნინო ჯანგირაშვილი მედიაბაზრის შემოსვლების სტატისტიკას წარადგენდა.
ჯანგირაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლიდან სარეკლამო ბაზრაზე კლებაა.
მანამდე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ილაპარაკა. პარლამენტმა არც პრეზიდენტის ვეტო გაიზიაროს და შემდგომ კენჭისყრაზე არც კანონპროექტს დაუჭიროს მხარი - თქვა მან.
არასამთავრობო სექტორი პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ მედიას პარლამენტში განუცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიაორგანიზაციებს შორის შეხვედრა უნდა დაიწყოს.
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
22 დეკემბერს პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 26 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის კანონის შესახებ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე თქვა: "ხელი მიკანკალებდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით."
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment