Sunday, October 28, 2018

სესიაშვილი: ნაციონალები გამიზნული აჟიოტაჟით რევოლუციურ ფონს ქმნიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კახეთის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სესიაშვილის თქმით, მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ აძლევს.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნაციონალები გამიზნული აჟიოტაჟით ქმნიან რევოლუციურ ფონს.
"თითქოს ჩვენ არჩევნებს ვაყალბებთ,რაც აბსურდია. ყველა მოქალაქეს აქვს იმის განცდა და საშუალება, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს. დღის განმავლობაში იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს არანაირად არ ახდენს გავლენას საბოლო შედეგებზე", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოში საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელი ტრიალებს. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
„ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ამ ისტორიულ არჩევნებში იმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის გაყალბებები არ ყოფილა არასოდეს გამომჟღავნებული ფოტოვიდეო მტკიცებულებების სახით, მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი, როგორ ატრიალებენ „კარუსელს“, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები საარჩევნო უბნებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი.
17:00 საათიდან 20:00 საათამდე დავიცვათ ხმები. გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ უშველის ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის პრესსპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "კარუსელების" შესახებ ინფორმაცია უარჰყო. 
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment