Wednesday, October 24, 2018

დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატს კენჭს უყრის

დღეს სომხეთის პარლამენტში -ეროვნულ კრებაში დანიშნულია კენჭისყრის პირველი ტური პრემიერის ასარჩევად. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ფრაქცია „ელკის“ მიერ წარდგენილია პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელება ფორმალურია, რადგან ფაშინიანი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა კრებამ პრემიერმინისტრი არ აირჩიოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეთა განცხადებით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფაშინიანის წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯია, რათა უზრუნველყონ ფორმალური პროცედურა.
სომხეთის პარლამენტში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო.
მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერმინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მან პრემიერმინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა და ამ გზით სურს მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ფაშინიანის გადადგომამდე მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment