სამზარეულო უცხო ქვეყანაში, შენი ქვეყნის კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა - თუ ერთხელ რომელიმე კერძის გემომ აღაფრთოვანათ, ის არასდროს დაავიწყდებათ და შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, ისევ დააგემოვნონ. ამის შესახებ კარგად იცის 27 წლის ნიკუშა ჯავახიშვილმა, რომელიც უკვე 3 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მას და მის ოთხ მეგობარს 1 წლის წინ დაებადათ იდეა და ქართული კულტურით დაინტერესებულთა პატარა გუნდი შექმნეს.
ნიკუშას პროფესია გასტრონომიასთან დაკავშირებული არ არის, ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა, კერძების მომზადების თვალსაზრისით ხუთივე მეგობარს გარკვეული გამოცდილება ჰქონდა. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, “ჰამბურგის პირველი ქართული კერძების ფესტივალი” ჩაეტარებინათ, რომელიც 400 ადამიანზე იქნებოდა გათვლილი.საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა დასახელების მოფიქრებისთვის. არ გვინდოდა ყოფილიყო ბანალური და უკვე არსებული დასახელება. ასევე, ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს საქართველოს წარმოდგენას ევროპული კუთხით, რაც ჯერჯერობით საკმაოდ იშვიათად გვხვდება ევროპულ ბაზარზე. შევიკრიბეთ ხუთი მეგობარი (4 ქართველი და ერთი ავსტრიელი) და ვიპოვეთ სასურველი ლოკაცია, რომელიც ვიქირავეთ ერთი დღით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დიდი მზადება, რეცეპტების დატესტვა, ყველაფრის ორგანიზება, ტრანსპორტირება და ა.შ”,- აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.
როდესაც შეამჩნიეს, რომ დაინტერესება ძალიან მაღალი იყო და მათ მიერ შერჩეული ადგილი ამდენ სტუმარს ვერ დაიტევდა, ყველა სხვა სარეკლამო კამპანია გააუქმეს და კერძების მზადებას მშვიდად შეუდგნენ.ყველაფერი თავად მოამზადეს, თუმცა, დაახლოებით 700-მდე ხინკლის, 50-მდე აჭარული ხაჭაპურის, ფხალეულისა და ბადრიჯნის, 100 ცალი ჩურჩხელისა და დაახლოებით, 30 კილოგრამი მწვადის დასაგემოვნებლად ნავარაუდევზე სამჯერ მეტი სტუმარი მივიდა და ქართული კერძების დასაგემოვნებლად რიგში ჩადგა.როგორც ნიკუშა იხსენებს, მომზადებული კერძები სტუმრების მხოლოდ ნახევარს ეყო და ნაწილი ამის გამო განაწყენებულიც დარჩა. ღონისძიებამ იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ ქუჩა, სადაც ფესტივალი ეწყობოდა, ხალხით იყო გადაჭედილი, აქედან დაახლოებით 30% გერმანიაში მცხოვრები ქართველი იყოფესტივალი 16:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა, რადგან ასეთმა დიდმა რიგმა ქუჩაში მოსახლეობა შეაწუხა და მასპინძელ ორგანიზაციას სთხოვეს, ღონისძიება მალე დასრულებულიყო, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალში უფრო დიდი სივრცე გვჭირდება,” - აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება სტუმრების შთაბეჭდილებებს, ნიკუშა იხსენებს, რომ ხალხის სიმრავლის გამო სამზარეულოდან გასვლას თითქმის ვერ ახერხებდა, თუმცა მის ყურამდე აღწევდა ინფორმაცია, რომ მათ კერძები მოსწონდათ და თუ ასეთი ფესტივალი კიდევ ერთხელ ჩატარდება, სიამოვნებით დაესწრებიან.სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეგობრებმა მომავალ წელს ფესტივალის კიდევ ერთხელ ჩატარება განიზრახეს და ამასთან, სურთ, რესტორანი გახსნან, სადაც მხოლოდ ქართული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.
“გვინდა, პოტენციური სპონსორები დავაინტერესოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე ქართულ სამზარეულოს დიდი პოტენციალი აქვს. რესტორნის კონცეფციის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი როგორც ევროპული ქვეყანა და არა პოსტსაბჭოთა”, - აღნიშნა ნიკუშა ჯავახიშვილმა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment