Thursday, October 25, 2018

FAO: სოფლის მეურნეობაში ქართველი ქალების შრომა დაუფასებელია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირსა (EU) და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში გენდერული შეფასების ანგარიშს აქვეყნებენ, სახელწოდებით – „გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“.
ანგარიშის თანახმად, ქალების მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი რჩება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, შინაური ცხოველების მოვლა, დიასახლისობა, ოჯახისთვის წყლისა და შეშის უზრუნველყოფა, ბავშვების, მოხუცების და ოჯახის დაუძლურებული წევრების მოვლა – ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკისრებათ.
ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები თავიან თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ ფერმერებად, რადგან შრომას რომელსაც ეწევიან, ისინი ოჯახურ მოვალეობად აღიქვამენ.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ქალებისა და კაცების უთანასწორობაზე შემოსავლებისა და დასაქმების კუთხით: იმის გამო, რომ ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს კი სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. საშუალოდ, ქართველი ქალები კაცის შემოსავლის 75%-ს გამოიმუშავებენ, რაც 35 %-მდეა შემცირებული თევზის საწარმოებში.
ზოგადი გენდერული სტატისტიკის მიხედვით, კაცებს საქართველოში უფრო მაღალი მენეჯერული პოზიციები უკავიათ და უფრო მეტი შემოსავალი აქვთ სოფლის მეურნეობის და მშენებლობის დარგებში, სადაც განსაკუთრებით ცოტა ქალია ოფიციალურად დასაქმებული.  
„შეზღუდული წვდომა მიწაზე, თუ სხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსზე, ქმნის მთავარ ბარიერს ქალთა განვითარებისათვის რეგიონებში. ამის გამო ქალები ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სასოფლო-სამურნეო საგრანტო პროექტებში და ვერ მიმართავენ საბანკო სექტორს სესხებისთვის, რაც მნივშენლოვნად შემაფერხებელი ფაქტორია. ეს გასათვალისწინებელია პოლიტიკის ფუძემდებლებისთვის, რათა ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“, – განაცხადა FAO-ს გენდერის ექსპერტმა დონო აბდურაზაკოვამ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment