Wednesday, October 31, 2018

კობერიძე: წინასაარჩევნო პერიოდში კანაფის კანონპროექტი საზიანოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს, პარლამენტიდან კანაფის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მის კომენტრს 1tv.ge ავრცელებს.
ლევან კობერიძის თქმით, მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება ძალიან უკვირს, რადგან საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტს აკისრია. დეპუტატის განმარტებით, მეზვრიშვილის გადასაწყვეტი არ არის "თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს".
"ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აღელვებს. ამაზე პასუხი არჩევნებში ხმების დაკლებით მივიღეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარიხუანის კულტივაციის საკითხი იყო. მთავრობას მოვუწოდებთ, კანონპროექტი გაიწვიოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მომტანია მსგავსი სახის კანონპროექტის არსებობა პარლამენტში. გაწვევა იქნება ნაბიჯი, რითაც მოსახლეობას დავუდასტურებთ, რომ მათი გვესმის და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პოზიციას ბევრი დეპუტატი იზიარებს. „ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეა, მათ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – დასძინა კობერიძემ.
კანაფის სამედიცინო დანიშნულებით კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეების თქმით, ისინი კანონპროექტის გაწვევის მომხრეები არიან.
ნათია მეზვრიშვილმა კი თქვა, რომ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და "მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნება. ამიტომ შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილოა".
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment